2008 წელს არა მარტო მიხეილ სააკაშვილი, არამედ რუსეთიც თავისივე დაგებულ მახეში აღმოჩნდა - დავით უსუფაშვილი

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 16:31

საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა მსოფლიოს მხრიდან გაგრძელდეს და გამოიძებნოს დამატებითი გზები იმისთვის, რომ სწორედ დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერით  საბოლოოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2008 წელს არა მარტო მიხეილ სააკაშვილი, არამედ რუსეთიც თავისივე დაგებულ მახეში აღმოჩნდა.

"როცა ვამბობთ, რომ სააკაშვილმა 2008 წელს შეაბიჯა რუსეთის მიერ დაგებულ მახეში, ეს არ არის ცალმხრივი. რუსეთი თავადვე აღმოჩნდა თავისივე დაგებულ მახეში, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რუს, ქართველ თუ ევროპულ პოლიტიკოსებს - დიახაც, ვიყოთ პრაგმატული ამ საკითხში და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაფერი ნათელია.

"რუსეთი კარგა ხანი ცდილობდა, ფეხი მოეკიდებინა საქართველოში უფრო მეტად, ვიდრე ჰქონდა სამშვიდობო ძალების მეშვეობით და 2008 წლის აგვისტოში მან ეს მოახერხა. ჩვენ, პრაქტიკულად, მოწმე ვართ რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობისა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო, ეს ტრაგედია თავიდან აეცილებინა, მან ეს ვერ შეძლო და ეს ძალიან ცუდია", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61