ირაკლი ალასანიამ GIPA-ს სტუდენტებს ლექცია წაუკითხა

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 16:24

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) სპეციალურად სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა და სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების კონცეფციაზე, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების საკითხზე, სამხედროების სწავლის დონის ამაღლებასა და მათი პროფესიონალიზმის დახვეწის გეგმებზე ისაუბრა.

ირაკლი ალასანიამ ლექციის მსვლელობისას ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სწრაფვაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. თავდაცვის მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლის, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ადმირალის, ჯეიმს სტავრიდისის ვიზიტი საქართველოში. მოგვიანებით ლექცია კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ირაკლი ალასანიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

ლექციის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ სტუდენტების მაღალი მომზადების დონეზე და ახალი მთავრობისთვის განათლების პრიორიტეტულობაზე გააკეთა კომენტარი.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება და GIPA-ში მოვედი. ფანტასტიური ახალგაზრდობაა. ფანტასტიური მომავალი აქვს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს. ჩვენი ახალგაზრდებისთვის ღრმა განათლების მიცემა საქართველოს მომავალი განვითარების ყველაზე დიდი საფუძველია. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღრმა ანალიზის უნარი აქვთ ჩვენს ახალგაზრდებს, შეკითხვებიც ძალიან აზრიანი იყო, მათ შორის კონკრეტულიც. ამიტომ ძალიან მიხარია რომ ეს შეხვედრა შედგა. აუცილებლად გავაგრძელებ მომავალშიც სტუდენტებთან შეხვედრებს და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. ეს იყო ძალიან სასარგებლო ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის“, - განაცხადა სტუდენტებთან მინისტრმა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შეხვედრებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან მომავალშიც გეგმავს. მისი თქმით, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე. ასევე, გაზიარებული უნდა იყოს მათი ინიციატივები ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6