45 წლის დედა 11 წლის შვილის პორნოფოტებს სხვადასხვა ქვეყნებში ყიდდა

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 12:18

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, 45 წლის დედა, რომელიც 11 წლის შვილის პორნოფოტებს, მატერიალური გამორჩენის მიზნით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა ქვეყნებში ყიდდა.

"ჯეონიუსი" სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2013 წლის თებერვლიდან შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მიმდინარეობდა გამოძიება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ხასიათის სურათებისა და ვიდეოჩანაწერების უკანონო დამზადების, გავრცელებისა და გასაღების ფაქტზე.

გამოძიება პარალელურად მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ავსტრალიის სპეცსამსახურების მიერ. ინფორმაციული უზრუნველყოფის მხრივ გამოძიებას აქტიურად ეხმარებოდა აშშ-ს საელჩო საქართველოში და ინტერპოლის გენერალური სამდივნო.

სამთვიანი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობის შედეგად სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი გახდა მსხვერპლისა და ბრალდებულების ვინაობა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მსხვერპლი არის საქართველოს მოქალაქე, 11 წლის მცირეწლოვანი გოგონა, რომელსაც 2 წლის განმავლობაში აიძულებდა დედა მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათების და ვიდეოფირების გადაღებაში. მცირეწლოვნის პორნოგრაფიულ მასალას ეს უკანასკნელი მატერიალური გამორჩენის მიზნით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდდა ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე. აღნიშნული პიროვნება არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და თანამზრახველ დედასთან ერთად მონაწილეობდა ფოტომასალის დამზადებაში. თავის მხრივ, იგი ისრაელში დაფიქსირებული IP მისამართიდან ტვირთავდა აღნიშნულ ფოტო და ვიდეომასალას სხვადასხვა ინტერნეტ-საიტებზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახდენდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მათ რეალიზაციას.

სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შეგროვდა უამრავი მტკიცებულება, რამაც უტყუარი გახადა დედისა და მისი თანამონაწილის ბრალეულობა. დანაშაულის სენსიტიურობიდან გამომდინარე, და იმისათვის, რათა არ მომხდარიყო მტკიცებულებების განადგურება, დაუყოვნებლივ იქნა მიღებული ზომები, როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ასევე ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და ორივე ქვეყანაში დაიგეგმა ბრალდებულების დაკავების ერთდროული ოპერაცია.

მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოში დააკავეს მსხვერპლის დედა, 45 წლის, საქართველოს მოქალაქე, ხოლო ისრაელში - წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევისათვის ნასამართლევი, 42 წლის ისრაელის მოქალაქე მამაკაცი.

არასრულწლოვნის დაკავებული დედა მოთავსებულია თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგი). აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დაზარალებული 11 წლის გოგონა გადაყვანილია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში. ამჟამად, რე-სოციალიზაციის მიზნით, მას გამოცდილი ფსიქოლოგების მიერ უტარდება სარეაბილიტაციო კურსი", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61