ხვალ ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი ფორმულის ბოლიდით დასაჩუქრდება

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 14:37

ახალი საავტომობილო სეზონის გამოცხადებამდე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ავტოსპორტის გასული სეზონის გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ.

11 აპრილს, 13:00 საათზე სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ფორმულის, ლეგენდსის, ძარიანი და სამოყვარულო ავტომობილების კლასებში 2012 წლის სეზონის გამარჯვებულებს საპატიო სიგელებსა და თასებს მინისტრი ლევან ყიფიანი და ავტოდრომის მესვეურები გადასცემენ. ავტოდრომის მფლობელი და საავტომობილო სპორტული ასოციაციის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა კი გასული წლის ყველაზე წარმატებულ და ახალგაზრდა მრბოლელს გრანდიოზულ საჩუქარს გაუკეთებს - ფორმულის ბოლიდს აჩუქებს.

ამავდროულად, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაცია მრბოლელებსა და მედიას საქართველოს 2013 წლის ჩემპიონატის კალენდარს წარუდგენს. საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში რუსთავის ავტოდრომზე 14 აპრილს 13:00 საათზე დაიწყება და ქართული ავტოსპორტის ისტორიაში პირველად ამ ჩემპიონატის გამარჯვებულები წლის ბოლოს 3 მანქანას მოიგებენ.

„უდაოა, რომ 2012 წელი საქართველოს ავტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი და ყველაზე წარმატებული იყო. ვამაყობ მიღწევებით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ავტოსპორტი მაღალ დონეზე და სწრაფად ვითარდება. გასულ წელს დაგვემატა 2 კლასი - ლეგენდსი და ფორმულა ალფა, გვეწვია ძალიან ბევრი უცხოელი მრბოლელი, ჩატარდა უამრავი საინტერესო შეჯიბრი, დამონტაჟდა გრანდიოზული ეკრანი და ტრეკზე არსებული 28 კამერის საშუალებით მაყურებელი რბოლოს ნებისმიერ მონაკვეთს თვალყურს ონ-ლაინ რეჟიმში ადევნებს. რაც მთავარია, გაუმჯობესდა პირობები სამოყვარულო დონეზეც, ახლა უკვე სავარჯიშო მოედანზე ნებისმიერ მსურველს უტარდება ტრენინგი და ბევრს მოყავს შვილი ან თავად დადის ტრეკზე რომ გაიწაფოს“ - აცხადებს საავტომობილო სპორტული ასოციაციის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა.

რაც შეეხება ახალ საავტომობილო სეზონს, რომელიც 14 აპრილს გაიხსნება, როგორც რუსთავის ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე აცხადებს, შტურმი ავტოსპორტის განვითარებაზე წელსაც გაგრძელდება.

„გრანდიოზული გეგმები გვაქვს - წელს ავტომოყვარულებს ავტომობილების მოგების შანსი ექნებათ. ერთდროულად 3 მანქანას ვათამაშებთ. ასეთი რამ საქართველოს ავტოსპორტს არ ახსოვს. ეს იქნება სამოყვარულო და პროფესიული რბოლებით, შოუებით, სიურპრიზებით დახუნძლული წელი“, - დასძენს იგი.

ახალი სეზონის გამოცხადებამდე გასული წლის შედეგების შეჯამება ქართული ავტოსპორტის მთავარი მოვლენა და ურყევი ტრადიციაა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59