ბიძინა ივანიშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს პრეზიდენტს ადანაშაულებს

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 13:33

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან გამართულ შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა და საომარი მოქმედებების დაწყებაში საქართველოს წინა მთავრობა და პრეზიდენტი დაადანაშაულა.

მისი თქმით,  ამ ომის მიზეზებს ნათელი უნდა მოეფინოს. რაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯს არ შელახავს, რადგანაც ეს იქნება ობიექტური ინფორმაცია.

"ომის თემა დღემდე ბურუსითაა მოცული. ობიექტური ფაქტებით საქართველოს საერთაშორისო იმიჯი არ შეილახება და მე ვფიქრობ, რომ სიმართლე უნდა ითქვას, სიმართლით უნდა ვიცხოვროთ. მე პირადად ბევრი შეკითხვები მაქვს, მეც ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში. მათ დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვარი", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში ადეკვატური იქნებოდა პრეზიდენტის და ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო მონიტორინგისა და დამკვირვებლების მოწვევა.

"პროცესი შეიძლებოდა ამ დონეზე დასრულებულიყო. მაშინ არავითარი სასწაული არ მომხდარა, მხოლოდ ნაღმტყორცნი შევარდა ერთ-ერთ სახლში და არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. მხოლოდ საერთაშორისო მონიტორინგის მოწვევა იქნებოდა ერთადერთი სწორი ნაბიჯი. ჩემთვის გაურკვეველია,  რატომ გაკეთდა ასეთი სვლა. ეს პროცესიც ჭორების დონეზე ძალიან ბევრ კითხვას იწვევს, რაც მუსირებს საზოგადოებაში. მე არ ვფიქრობ, რომ ეს დააზარალებს საქართველოს იმიჯს და არც წინა ხელისუფლებისა და პრეზიდენტის იმიჯს. ჩვენ სიმართლით უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა შეგვეშინდეს სიმართლის, სიმართლე უნდა იცოდეს საზოგადოებამ. სხვათა შორის, ტალიავინის საგამოძიებო ჯგუფის ჩანაწერების მიხედვით, ევროპას სხვა წარმოდგენა აქვს,  აბსოლუტურად სხვა ინფრომაციას ავრცელებს   წინა ხელისუფლება ომთან დაკავშირებით.  ჩვენ უნდა გავერკვეთ და გავიგოთ, რა მოხდა ამ დროს", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61