ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავდაცვის უწყებაში ირაკლი ალასანიამ მიიღო

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 18:16

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.

ირაკლი ალასანიამ კარელ შვარცენბერგს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის გამო. მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხეთის მხარის მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ასევე, ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში და ქართველის სამხედროების როლი პოსტ-ISAF-ის პერიოდში.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხების შესახებაც ისაუბრეს. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი სამხედრო განათლების სისტემის სწორი მიმართულებით განვითარებაა. აქედან გამომდინარე, განათლების კუთხით დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ჩეხეთის სამხედრო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გაფორმდა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ უცხოელ სტუმარს ჩეხი სამხედროებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულისა და ზამთრის კურსების გავლა შესთავაზა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-ს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტ „საქართველო III”-ში ჩეხეთის მხარის აქტიურ ჩართულობასაც, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადას განაღმვითი აღჭურვილობა გადაეცა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში სამხედო-ტექნიკური კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ კარელ შვარცენბერგის ხელმძღვანელობით უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კარელ შვარცენბერგი საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმსაც დაესწრება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59