საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებმა ზემოქმედება უნდა მოახდინონ და უბიძგონ პრეზიდენტს ახალ ხელისუფლებასთან უფრო პრაგმატული კოჰაბიტაცისკენ

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 00:21

ბუნდესტაგის „კავშირი 90/მწვანეები“ ფრაქციის წევრი და ბუნდესტაგის სპორტული კომიტეტის ხელმძღვანელი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში არსებულ ვითარებას გერმანულ მედიაში აფასებს. ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, გერმანიის მთავრობამ, ევროკავშირმა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებმა მეტი ზემოქმედება უნდა მოახდინონ და უბიძგონ პრეზიდენტ სააკაშვილს ახალ ხელისუფლებასთან უფრო პრაგმატული კოჰაბიტაცისკენ.

"2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გაჩნდა ახალი ცხოვრების დასაწყისის განცდა. ახალმა ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ხელმძღვანელობით განსაზღვრა გადაუდებელი პრიორიტეტები სამართლებრივი სისტემის გასაუმჯობესებლად და ახალი სოციალური პოლიტიკის განსახორციელებლად. ხელისუფლებამ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას კიდევ უფრო დემოკრატიული საზოგადოების დამყარებისაკენ. აღდგენილია სიტყვის თავისუფლება, ასევე შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. დასრულდა პოლიტიკური ჩარევა საჯარო დაწესებულებების მუშაობაში. ხელისუფლება ეძებს და ხშირად პოულობს კიდეც კომპრომისულ გადაწყვეტილებებს ოპოზიციასთან.

ბრალდებებისა და საჩივრების დიდი რაოდენობა, რომლებითაც ითხოვენ წინა ხელისუფლების არაკანონიერ მოქმედებებზე რეაგირებას, ამჟამინდელი ხელისუფლების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა. პირებს, რომელთა უფლებებიც შეილახა პოლიციის განყოფილებებში ან რომელთაც უკანონოდ ჩამოართვეს საკუთრება, იმედი აქვთ, რომ ახალი ხელისუფლება შექმნის მართლმსაჯულების ახალ, დამოუკიდებელ სისტემას. შედეგად, მკვეთრად იკლო ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობამ. გარდა ამისა, ხელისუფლების მიზანია მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომელსაც ემსახურება ეუთოს დამკვირვებელთა მოწვევა ყოფილი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესებზე, რომლებიც მარტში დაიწყო.

სამწუხაროდ, პრეზიდენტი სააკაშვილი უარს აცხადებს ახალ ხელისუფლებასთან პრაგმატულ კოჰაბიტაციაზე. სააკაშვილი აყოვნებს მინისტრების მოადგილეებისა და საელჩოებში საკვანძო თანამდებობებზე პირთა დანიშვნას, რაც არის საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების საქმიანობისათვის ხელის შეშლის შეგნებული ცდა. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, სააკაშვილი უარს აცხადებს კომპრომისული შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც მიღწეულ იქნა მოსამართლეებთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან დეტალური მოლაპარაკებების შედეგად. ეს არის პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი, რითაც ის ჯიუტად ეწინააღმდეგება ესოდენ საჭირო რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში.

გერმანიის მთავრობამ, ევროკავშირმა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებმა მეტი ზემოქმედება უნდა მოახდინონ და უბიძგონ პრეზიდენტ სააკაშვილს ახალ ხელისუფლებასთან უფრო პრაგმატული კოჰაბიტაცისაკენ. ძალიან გაჭიანურდა დასავლეთის მხრიდან სააკაშვილის, როგორც დემოკრატიის იმედისა და რეგიონში დასავლეთის გავლენის გარანტის, მხარდაჭერა. დადგა დრო, იგი დაარწმუნონ, რომ მიუღებელია პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და საჭიროა ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების პროგრესული ნაბიჯების საბოტაჟირების შეწყვეტა", - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59