ხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტირება რუსეთში შემოდგომიდან განხორციელდება

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 17:28

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხებთან, ასევე მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამის და შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტის  მიმდინარეობასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა. ბრიფინგს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდნენ.

"ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარის გახნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დანაპირები იყო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მისცა. მინდა ავღნიშნო, რომ ეს დანაპირები სრულდება და ამ მიმართულებით უკვე მიღწეულია კონკრეტული შედეგები და მიღებულია გადაწყვეტილებები“, - განაცხადა დავით კირვალიძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლები რუსულ ბაზარზე დაბრუნებისთვის რუსეთის სანიტარული სამსახურის წარმომადგენლებმა ქართული საწარმოების ინსპექტირება ორ ეტაპად ჩაატარეს. მათ შეამოწმეს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და გაეცნენ ქართული ღვინის ლაბორატორიების სტანდარტებს. პირველი ეტაპის ინსპექტირების შედეგად, შემოწმდა 37 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების და ასევე 4 მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია. ეს ეტაპი 36-მა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის და ოთხივე წყლის მწარმოებელმა წარმატებით გადალახა. რის შედეგადაც, მათ მიიღეს ნებართვა, დაარეგსტრირონ თავიანთი პროდუქცია რუსეთში შემდგომი ექსპორტირებისთვის. 1-5 აპრილს ჩატარდა ინსპექტირების მეორე ეტაპი. საქართველოს მასშტაბით დარჩენილი 35 ღვინის მწარმოებელი კომპანიის შემოწმებაც წინასწარი პროგრამის მიხედვით, ორგანიზებულად განხორციელდა. დღევანდელი მონაცემებით, ორმა ქართულმა ღვინის კომპანიამ, უკვე დაარეგისტრირა პროდუქციის ნიმუშები რუსეთის ფედერაციაში. ეს პროცესი გრძელდება და უახლოეს მომავალში დარჩენილი საწარმოებიც დარეგისტრირდება.

"ამ მომენტისთვის რუსმა ექსპერტებმა ყველა ის ღვინის მწარმოებელი კომპანია დაათვალიერეს, რომელთაც დოკუმენტური ინფორმაცია ჰქონდა წარმოდგენილი. საერთო ჯამში, ამ დროისთვის, რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანის სურვილი 80-მდე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების და 4-მა წყლის მწარმოებელმა კომპანიამ გამოთქვა. მათ უმრავლესობას რუსულმა სანიტარულმა სამსახურმა დადებითი შეფასება მისცა. წინასწარი ინფორმაციით 60-ზე მეტი კომპანია მიიღებს დადებით პასუხს.

რაც შეეხება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს რუსეთის ბაზარზე, ზაფხულიდან ეტაპობრივად განხორციელდება. ქართულმა დელეგაციამ ასეთ შეთანხმებას 3 აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზედამხედველობის სამსახურში, „როსელხოზნადზორში" გამართულ შეხვედრაზე მიაღწია. პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ პირველ რიგში ექსპორტზე გავა ქართული ბოსტნეული. რაც შეეხება ხილს და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, მათი ექსპორტირება შემოდგომიდან განხორციელდება“, - განაცხადა დავით კირვალიძემ.

პირველ ეტაპზე ქართველი და რუსი სპეციალისტები მუშაობას გააგრძელებენ ტექნიკურ რეგლამენტზე. რუსეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობა დასრულდება და ქართული პროდუქცია შეუფერხებლად შევა რუსეთის ბაზარზე, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში ექსპორტი ქაოტურად აღარ მოხდება. ყველა პროცედურა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით განხორციელდება.

ბრიფინგზე დავით კირვალიძემ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის დასრულებულის საგაზაფხულო სამუშაოები და დღეს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილი უკვე დასავლეთ საქართველოში გადავა. აგროვადების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს შემდეგ, მაისის თვეში საგაზაფხულო სამუშაოები მაღალმთან რაიონებში გადაინაცვლებს. დავით კირვალიძემ განაცხადა, რომ აქტიურად მიმდინარეობს შეღავათიან აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემაც.

"დღევანდელი მონაცემებით, მეორე აგროსესხების მეორე კომპონენტში, რომელიც ითვალისწინებს 5 000-დან 100 000 ლარამდე სესხებს, უკვე გაცემულია 18 სესხი 548 000 ლარის ოდენობით. ამავე კომპონენტში განხილვაშია 153 სესხის განაცხადი, რომელთა საერთო მოცულობაც 4 მლნ ლარს აღემატება. რაც შეეხება მესამე კომპონენტს, რომელიც საწარმოების დაფინანსება არის გათვალისწინებული, უკვე გაიცა ერთი სესხი და განხილვაშია 23 განაცხადი, სავარაუდოდ 5 მლნ დოლარის საერთო მოცულობით,“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59