სოსო პავლიაშვილმა მკვლელობისთვის 50 ათასი დოლარი გადაიხადა - ვახტანგ ჩხაპელია

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 20:21

"კვირის პალიტრა" სოსოს პავლიაშვილის დის ქმრის ვახტანგ ჩხაპელიას ჩვენებას აქვეყნებს, სადაც ჩხაპელია დაწვრილებით ჰყვება ავთო ადუაშვილის მიმართ დანაშაულის დაგეგმვასა და შესრულებაზე.

"სოსო და ავთო ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ანტონი სოსოს მეჯვარე და ბავშვის ნათლია იყო. გარდა მეგობრობისა, მათ საქმიანი ურთიერთობაც ჰქონდათ. მახსოვს, ერთხელ სოსომ მითხრა, ფულს რომ ჩავიგდებ ხელში, საქართველოში გამოვგზავნი. მე და ავთო ერთად რაღაც საქმეების დაწყებას ვაპირებთ და შენც შემოდი ჩვენთან ერთად წილშიო.

უარი ვუთხარი, რადგან ავთო ყოველთვის ცდილობდა, საქმე მხოლოდ სათავისოდ წაეყვანა. ისიც ვიცოდი, რომ სოსოს 200 000 ევრო თუ დოლარი ჰქონდა ავთოსთვის მიცემული, რომლითაც მას ბიზნესის დასაწყებად ფართობი უნდა შეეძინა.

ბოლო დროს სოსო ხშირად მეუბნებოდა, - ავთო ძალიან შეცვლილიაო. წელს (2012 წელს. - ავტ.) ავთო ადუაშვილს ერევანში, სოსოსთან შეხვედრის დროს, მისთვის ქამარში გარჭობილი იარაღისკენაც მიუნიშნებია.” ავთო ბოლო ხანს ძალიან საშიში გახდაო, - წუხდა სოსო,”- ვცდილობ, დავაწყნარო, მაგრამ მომისმენს და მერე ისევ თავისას იწყებსო. ”მე ვუთხარი სოსოს, - მაგას დაუსჯელობის სინდრომი სჭირს. მეც ბევრჯერ მიმითითა იარაღზე, ამიტომ უნდა დავსაჯოთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჭკუა ისწავლოს-მეთქი. 2012 წლის ივნისში სოსომ თავისი მშობლები და ჩემი ოჯახი დასასვენებლად თურქეთში, ქალაქ ბელეკში წაგვიყვანა, სწორედ იქ ვუთხარი სოსოს, რომ ავთო უნდა დასჯილიყო.

სოსო ამაზე დამთანხმდა, ყოველ შემთხვევაში, არ შემწინააღმდეგებია. სოსომ საუბრისას მითხრა, - თუ ავთო ცოტა ჭკუაზე არ მოვიდა, მართლაც რაღაც უნდა მოვიფიქროთო.

ვუთხარი, რომ ამ საქმეს თავად მივხედავდი. ავთოს დასჯაში ვგულისხმობდი მის ცემას. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მენახა ისეთი ვინმე, რომელიც ადუაშვილის გონების დაკარგვამდე ცემას და მის დაინვალიდებას შეძლებდა" - წერია მოწმის ჩვენებაში.

როგორც ვახტანგ ჩხაპელია უყვება ახლობელს, ვინმე თემურ ქობალიას - "მუხას" დაუკავშირდა და უთხრა, რომ ძალიან ცუდ პიროვნებასთან ჰქონდა პრობლემები და ქობალიას ის ადგილებიც აჩვენა, სადაც ადუაშვილი ხშირად ტრიალებდა, თუმცა ქობალიამ დახმარებაზე უარი უთხრა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, თემურ ქობალიამ თავისი ახლობელი, გელა უბილავა გააცნო. ოქტომბერში ქობალიას სანახავად ხობში ჩასულს გელა უბილავა შეხვდა და პრობლემის შესახებ მოუთხრო.

"გელამ თავისი ტელეფონის ნომრები მომცა, - დამირეკეო. რამდენიმე დღეში თვითონ გელამ დამირეკა, - თბილისში ვარო. შევხვდი და ვანახე ის ადგილები, სადაც ავთო ტრიალებდა. ისიც ვუთხარი, რომ კაცი, რომლის დასჯაც მინდოდა, თეთრი ML-ის ჯიპით მოძრაობდა. მანქანის ნომერიც ვუთხარი.

გელა დამთანხმდა შეკვეთის შესრულებაზე. მე დავპირდი, ამ საქმეში მისთვის 50 000 დოლარი გადამეხადა. თანხის უმეტესი ნაწილი - 30 000 ევრო უკრაინიდან ჩამოვიტანე. ის სოსო პავლიაშვილმა მომცა (დანარჩენი თანხა, დაახლოებით 12 000 დოლარიც ნაწილ-ნაწილ მივიღე) - მისთვის უკვე ნათქვამი მქონდა, რომ კაცი მყავდა ნანახი, რომელიც ავთო ადუაშვილის დასჯაში დამეხმარებოდა.

შეკვეთის მიღების შემდეგ გელა უბილავა პერიოდულად მიკავშირდებოდა, რამდენჯერმე შემხვდა კიდეც. არ ვიცოდი, თუ მას ამ საქმეში სხვა პირებიც ჰყავდა ჩართული, ჩემთვის არაფერი უთქვამს, შეხვედრებზეც მარტო მოდიოდა ხოლმე" - აცხადებს მოწმე.

ვახტანგ ჩხაპელია ჩვენების ბოლოს აღნიშნავს,  რომ ადუაშვილი მომღერალს ფულს ხშირად სთხოვდა ხოლმე და სწორედ ამგვარი ფაქტების სიმრავლის გამო გადაწყვიტეს მან და სოსო პავლიაშვილმა ანტონ ადუაშვილის დასჯა, რისი შესრულებაც თავად ითავა, ხოლო ფინანსური დახმარება სოსო პავლიაშვილმა გაუწია. აქვე აღნიშნავს რომ ადუაშვილის მოკვლის მიზეზი პავლიაშვილისგან განსხვავებით არ ჰქონია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6