საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

, 07 აპრილი, 2013 - 22:52

თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ყურადღება რაბათის ციხის ხელახალი რეკონსტრუქციის თაობაზე გაამახვილა.

 „თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. უპირველეს ყოვლისა, შევეხეთ ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხს და ამ მიმართულებით, თურქეთი დახმარებას დაგვპირდა. ჩვენ კარგად უნდა მოვეზადოთ შემდეგი სამიტისთვის. ჩვენი მთავარი მეგზური ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით სწორედ თურქეთია. ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის თემებზეც. ასევე დეტალურად განვიხილეთ ახალციხის მეჩეთთან და რაბათის ციხის კომპლექსთან დაკავშირებული საკითხები. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობისგან შემოვიდა წერილი გუმბათის რეკონსტრუქციისა და სხვა შიდა ცვლილებების თაობაზე. ამას ხელი არ მოვაწერე და პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ამ გადაწყვერილების სისწორეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მას დეტალურად დავათვალიერებინე წიგნი, რომელშიც შესულია ულამაზესი რაბათი. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თურქეთის მხრიდან არანაირი მსგავსი, მით უმეტეს, კატეგორიული მოთხოვნა არასდროს არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრი დამეთანხმა, რომ ეს გუმბათი უნდა დარჩეს ოქროსფერი. ყველა სხვა საკითხი დელიკატურად უნდა განვიხილოთ სპეციალისტებთან ერთად ისე, რომ არც ერთი მხარის ინტერესები არ შეილახოს. ამას გარდა, შევთანხმდით, რომ თუკი თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენ მხოლოდ აზომვით შემოვიფარგლებოდით და პატარ-პატარა სამუშაოებს ვასრულებდით, ახლა სრული მასშტაბით დაუშვებენ ქართველ სპეციალისტებს. ამას დაეთანხმა პრემიერ-მინისტრიც და არქეოლოგები, რესტარვატორები, არქიტექტორები შეისწავლიან და მოამზადებენ ჩვენი, ქართული ძეგლების რესტავრაციის პროექტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან კულტურული ძეგლები საჭიროებს გადარჩენას და პრემიერ-მინისტრმა ეს მშვენივრად გაიგო. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ამ თემებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ. საქართველოში ასაშენებელი კიდევ ბევრია. აშენებული ბევრი დავტოვეთ, მაგრამ 100-ჯერ მეტია ასაშენებელი. მოდით, უკვე აშენებულს თავი დავანებოთ, მით უმეტეს, ასეთ ლამაზს და ნიშნის მოგებით ან ჯინზე კი არ გავაკეთოთ რამე - არ მინდა ვინმე კონრეტულად დავადანაშაულო, ბრალი დავდო ან ეჭვი შევიტანო - უბრალოდ, ახალი შევქმნათ. თუ გვაქვს რესურსი ვაშენოთ -ბავშვთა სახლებია გადასახური, ლტოვილთა სახლების სახურავებიდან ჩამოდის წყალი, ვერც ეს დავამთავრეთ და დაასრულონ. რაბათის გუმბათებს თავი დაანებონ. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი გვჭირდება თავმოყვარე საგარეო პოლიტიკის გატარება. პრინციპული საუბარი ყველას მშვენივრად ესმის და ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61