საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 18:08

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საპენსიო ანგარიშების სრულად დაყადაღებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე განცხადებას ავრცელებს. "ჯეონიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინკასო დავალებების საფუძველზე საპენსიო ანგარიშების სრულად დაყადაღებასთან დაკავშირებულ საკითხზე და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის რეკომენდაციაზეა საუბარი სახალხო დამცველის მოხსენებაში, რომელშიც ასახულია 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა.

 აღსანიშნავია, რომ დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი კატეგორიის მოსახლეობის, მათ შორის, პენსიონერების ინტერესების დასაცავად, ახალმა ხელისუფლებამ და კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შეცვალა დისკრიმინაციული ნორმა, რომელიც ხშირად აუცილებელი საარსებო სახსრების გარეშე ტოვებდა ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს.

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანებაში და ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე იძულებითი ღონისძიებები არ ვრცელდება დაუბეგრავი მინიმუმის (თვეში 150 ლარი) ოდენობის თანხაზე.

 ცვლილების თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსს მიეცა უფლებამოსილება, დავალიანების მქონე ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ პირის საბანკო ანგარიშზე ან ანგარიშებზე დადებული ყადაღა და ინკასო აღარ გაავრცელოს დაუბეგრავი მინიმუმის - თვეში 150 ლარის ოდენობის თანხაზე და იძულებითი ღონისძიებები მიმართოს მხოლოდ საარსებო მინიმუმის ზემოთ არსებულ სახსრებზე. მანამდე მოქმედი ნორმით, ფიზიკურ პირებს მთლიანად ეჭრებოდათ ანგარიშებზე არსებული თანხები, მათ შორის, საარსებო მინიმუმიც.

 რაც შეეხება საპენსიო ანგარიშების დაყადაღებისა და მათზე ინკასოს დადების საკითხს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის #994 ბრძანებით ცალსახად განსაზღვრულია, რომ ყადაღა და საინკასო დავალება არ ვრცელდება მოქალაქეთა საპენსიო ანგარიშებზე", ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59