თბილისის აეროპორტი ფრენებს განახლებული, ზაფხულის სეზონის განრიგით შეასრულებს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 19:55

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების ზაფხულის სეზონისა და განახლებული განრიგის - Summer Season 2013 პრეზენტაცია გაიმართა. ზაფხულის სეზონზე ( რომელიც 31 მარტიდან - 28 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება) თბილისის აეროპორტში, ფრენები განახლებული განრიგით შესრულდება და რეისების რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს.

2012 წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით, წელს 9 წამყვანი ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით გაზრდილი სიხშირით იფრენს.

 “მოხარული ვარ, რომ 2013 წლის ზაფხულის სეზონი ასეთი დატვირთული იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. „ტავ ჯორჯია“ მზად არის ხელი შეუწყოს ყველა იმ ავიაკომპანიას, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირებს. გაზრდილი სიხშირეები, ახალი მიმართულებები და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ავიაბაზრის განვითარებას.“- განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.

ღონისძიებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა.

მაისიდან რომის მიმართულებით პირდაპირ რეისს კვირაში 2-ის ნაცვლად, უმსხვილესი იტალიური ავიაგადამზიდი „ალიტალია“ უკვე 4-ჯერ შეასრულებს. რეისების რაოდენობას ზრდის, „ჩეხეთის ავიახაზებიც“ , რომელიც აპრილიდან მგზავრებს, პრაღაში უკვე კვირაში 3-ჯერ ჩაიყვანს.

ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გასტანს, ფრენის სიხშირეს დაამატებენ ავიაკომპანიები: „ეარ ასტანა“ „ფლაი ჯორჯია“, „ლოტ პოლონეთის ავიახაზები“ „სკატ ეარი“, „თურქეთის ავიახაზები“, „უკრაინის ნაციონალური ავიახაზები“ და „იუტ ეარ უკრაინა“.

ზაფხულის სეზონის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პირველად შესრულდება პირდაპირი რეისები: ბარსელონის, ბრიუსელის, სტოკჰოლმის და ვარნის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია „Fly Georgia” შეასრულებს.

ქართული ავიაკომპანია „Fly Georgia”, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და ზამთრის სეზონისთვის მხოლოდ 6 მიმართულებით ასრულებდა ფრენას (ამსტერდამი, შარმ ელ შეიხი, კაირო, დუბაი, თეირანი, ერბილი), ზაფხულის სეზონიდან დამატებით კიდევ რამდენიმე მიმართულებას შესთავაზებს მგზავრებს. ესენია: ანტალია, კიევი, ფრანქფურტი, დუსელდორფი და ჰურგადა, ასევე დსთ-ს ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებები.

„Fly Georgia”, ზაფხულიდან შიდა ფრენებსაც განახორციელებს, ბათუმთან ერთად, ფრენები ქუთაისის მიმართულებით შესრულდება.

ახალი სეზონიდან ქართულ ავიაბაზარზე, რამდენიმე ახალი ავიაგადამზიდის შემოსვლაც იგეგმება, მათ შორის არიან: უკრაინული „ეარ ონიქს ეარლაინსი“ (Air Onix Airlines) და „ისრეარ ეარლაინსი“ (Israir Airlines). მიმდინარეობს მოლაპარაკება ავიაკომპანია „ნოველეარ“-თან, ( Nouvelair) რომელიც პირველად შეასრულებს ჩარტერულ რეისებს, ტუნისის მიმართულებით.

 „ტავ ჯორჯია“ „ტავ აეროპორტების ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო. საქრთველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. „ტავის“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ორერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით ის ერთ-ერთი სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.

„ტავ აეროპორტების ჰოლდინგი“ ასევე ოპერირებას უწევს სტამბოლის, ანკარის, იზმირის, ალანიის საერთაშორისო აეროპორტებს თურქეთში, მაკედონიაში არსებულ 2 აეროპორტსა და აეროპორტს ტუნისში. 2012 წლიდან ჰოლდინგმა დაიწყო საუდის არაბეთის მედინას აეროპორტის ოპერირებაც. 2012 წელს „ტავ აეროპორტების ჰოლდინგი“ 575, 000 რეისს და დაახლოებით 72 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44