"თავისუფალი საქართველო" პროკურატურას დაზარალებულების საქმეების ჯეროვნად გამოძიებისკენ მოუწოდებს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 17:01

წართმეული ქონების დაბრუნებას პროკურატურაში დღემდე მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფები აჭიანურებენ, - ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" აპარატის უფროსი ლადო ბულბულაშვილი აცხადებს. 

 

ბულბულაშვილი ისნის რაიონში მცხოვრების შალიკო ჯაგინიანს საქმეს ასახელებს, რომელსაც წლების წინ მოტყუებით წაართვეს კუთვნილი სახლი. მისივე განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული იყო მთელი რიგი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებდნენ, მათ შორის, პროკურატურის და საგამოძიებო სტრუქტურების თანამშრომლები.

 

"ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, დაზარალებულს გაუჩნდა სამართლიანობის აღდგენის იმედი და მიმართა მთავარ პროკურატურას საქმის შესწავლის თხოვნით. მისი განცხადების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნომრით 0405958, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქმე დაეწერა პროკურატურის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ძველი ხელისუფლების პირობებში თავად იყვნენ ჩართული შალიკო ჯაგინიანის წინააღმდეგ მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში. ჯაგინიანის ყველა მცდელობა, საქმეში ჩაერთო სხვა საგამოძიებო ჯგუფი, დასრულდა წარუმატებლად", - აცხადებს ბულბულაშვილი.

პარტიის აპარატის უფროსის განცხადებით, შალიკო ჯაგინიანის საქმე ამ მხრივ არ წარმოადგენს გამონაკლისს და წინა ხელისუფლების დროს ათასობით მოქალაქე დაზარალდა, რომლებიც დღემდე უშედეგოდ ელიან სამართლიანობის აღდგენას და კუთვნილი ქონების დაბრუნებას.

ბულბულაშვილის განცხადებით, პროკურატურასა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში დღემდე მაღალ თანამდებობებზე რჩებიან ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ არაერთ დანაშაულში.

ლადო ბულბულაშვილი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს კონკრეტულად შალიკო ჯაგინიანის და სხვა დაზარალებულების საქმეების ჯეროვნად გამოძიება და აღადგინოს სამართლიანობა. ასევე, გამოძიებულ იქნას ამ უწყების თანამშრომლების მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59