პროექტის „საბაჟო და სანიტარული-ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის სისტემის განმტკიცება საქართველოში“ დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 16:15

ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „საბაჟო და სანიტარული-ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის სისტემის განმტკიცება საქართველოში“ დახურვის საზეიმო ცერემონია  სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ გაიმართა.

პროექტმა საშუალება მისცა ერთის მხრივ, საქართველოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო მეორეს მხრივ, დანიის, იტალიისა და ესტონეთის საბაჟო-ვეტერინარული კონტროლის ადმინისტრაციებს, ერთად ემუშავათ საქართველოში სასაზღვრო კონტროლის სისტემის გასაძლიერებლად.

დაძმობილების პროექტი ორი ძირითადი კომპონენტისგან - საბაჟო ადმინისტრირება და პროცედურები და სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლისაგან შედგებოდა და სამეზობლო პოლიტიკის წევრი ქვეყნების ინსტიტუციონალურ განვითარებას და მხარდაჭერას ითვალისწინებდა.

„ასეთი პროექტები ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ იმპლემენტაციას. ამასთანავე ,წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ნაწილს. სახელმწიფო საზღვარზე ეფექტური, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი პროცედურები დაეხმარება შემოსავლების სამსახურს, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ვაჭრობას სახელმწიფო საზღვარზე, საქონლისა და მგზავრთა გადაადგილების კონტროლის ხარისხის ამაღლებას. დაძმობილების პროექტები, რომლებიც რამდენიმე წელია ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, ქართველ მოხელეებს საშუალებას აძლევს უშუალოდ მიიღონ გამოცდილება ევროპელი კოლეგებისგან,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის ირაოშევიჩი, ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი, იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი და დანიის სამეფოს საპატიო კონსული საქართველოში ესბენ ემბორგი.

პროექტი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი სამი სახელმწიფოს: დანიის, იტალიისა და ესტონეთის შესაბამისი ადმინისტრაციები.

ევროკავშირმა დაძმობილების პროექტის „საბაჟო და სანიტარულ-ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის სისტემის განმტკიცება საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს 1.8 მილიონი ევრო გამოუყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46