უჩა ნანუაშვილი #19 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესწავლის რეკომენდაციით სოზარ სუბარს მიმართავს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 12:50

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი #19 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაკავშირებით, სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს მიმართავს, რათა შეისწავლოს აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და რეაგირება მოახდინოს პატიმრების სამართლიან მოთხოვნებზე.

"ჯეონიუსი" მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, შეისწავლოს N19 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და დროული რეაგირება მოახდინოს პატიმრების მიერ დასახელებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

2013 წლის 27 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგი განახორციელეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაწესებულების ახალ კორპუსში განთავსებულ მსჯავრდებულთა დიდ ნაწილს. პატიმრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ დაწესებულებაში არსებულ პირობებთან, მკურნალობასთან, ასევე, მათ მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით.

პატიმრები აცხადებენ, რომ დაწესებულების დირექტორი მათ მიმართავს უხეშად და ხშირად უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს. მათი გადმოცემით, პატიმრის ნებისმიერ თხოვნაზე დაწესებულების დირექტორი რეაგირებს ცინიკურად, ირონიულად და უხეშად. ამასთან, დირექტორი და სოციალური სამსახურის უფროსი არ აძლევენ საშუალებას, კონფიდენციალური საჩივრით მიმართონ სახალხო დამცველს.

მსჯავრდებულთა გადმოცემით, ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს, რის გამოც ისინი საჭიროებენ ღვიძლისა და სხვა ორგანოების დამცავ მედიკამენტებს, რომლებიც არ ეძლევათ.

მსჯავრდებულთა გადმოცემით, დაწესებულებაში მომსახურე მედპერსონალი, დირექტორის თანხმობის გარეშე, ვერ ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას. მათი თქმით, უმეტეს შემთხვევაში, დაწესებულებაში მედიკამენტების არარსებობის გამო, იძულებულნი არიან, თავად შეიძინონ მედიკამენტები დაწესებულების აფთიაქში, რისი საშუალებაც მათ უმრავლესობას არ აქვს.

მსჯავრდებულთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ საკვები მხოლოდ იმ შემთხვევაში მზადდება შედარებით ნორმალური და ხარისხიანი, როდესაც დაწესებულებაში ელოდებიან სტუმრებს, ხოლო სხვა შემთხვევაში საკვები არის უხარისხო.

მსჯავრდებულები პრეტენზიას აცხადებენ სატელეფონო ბარათებთან დაკავშირებით, რომლებითაც შეუძლებელია, განხორციელდეს 3-4 სატელეფონო ზარზე მეტი - ამის შემდეგ ბარათი იბლოკება ერთი თვით. აღნიშნულის გამო მსჯავრდებულები იძულებულნი ხდებიან, შეიძინონ რამდენიმე ბარათი.

პატიმრების თქმით, 2013 წლის 24 მარტს, როდესაც მინისტრი იმყოფებოდა N19 დაწესებულებაში, მათ სურდათ მასთან შეხვედრა, რათა ესაუბრათ დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე, თუმცა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ეს ვერ მოახერხეს.

მსჯავრდებულთა გადმოცემით, დაწესებულებაში, ბეტონის იატაკის გამო, დგას მტვერი, რაც მათ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. მათი თქმით, მტვრის გამო რამდენიმე ათეულ მსჯავრდებულს, დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ, ჰქონდა სისხლიანი პირღებინება. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, 2013 წლის 4 თებერვალს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, რომლის პასუხადაც სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში ,,სუფთა სამყაროს“ მიერ ჩატარდა კაპიტალური დასუფთავების სამუშაოები და დაწესებულებაში ფაქტიურად აღმოფხვრილია მტვერი და სპეციფიკური სუნი. კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ არათუ სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, არამედ ჩვეულებრივ დაწესებულებებშიც, პატიმრების საცხოვრებელ კორპუსებზე, არ უნდა იყოს ბეტონის იატაკი.

მსჯავრდებულები ასევე აღნიშნავენ, რომ ავადმყოფთა უმრავლესობა ვერ ახერხებს სუფთა ჰაერზე გასვლას, რადგან უჭირთ კიბეზე ჩასვლა, ხოლო დაწესებულებაში არსებული ლიფტებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საკვების დამრიგებელ პატიმრებს.

მსჯავრდებულები ითხოვენ, რომ იმ პატიმრებს, ვისაც არ აქვს ტუბერკულოზის გადამდები ფორმა, შესაძლებლობა მიეცეთ, ისარგებლონ გრძელვადიანი პაემნებით, რისი ინფრასტრუქტურაც, სხვა ნახევრად ღია დაწესებულებებისგან განსხვავებით, N19 დაწესებულებაში არ არის.

პატიმრები ითხოვენ დაწესებულების დირექტორის კახა გველესიანის გათავისუფლებას და აცხადებენ, რომ თუ ზემოაღნიშნული პრობლემები არ მოგვარდა უმოკლეს დროში, ისინი უარს იტყვიან ანტიტუბერკულოზურ მკურნალობაზე და მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას.

ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ ისინი, შესაძლებელია, მითითებული მოთხოვნების გამო, გადაიყვანონ დახურული ტიპის დაწესებულებაში, რაც წარსულში ,,ურჩი“ პატიმრების დასჯის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, ზემოაღნიშნულ საკითხებზე, N19 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს ჩამოართვეს წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერს 131 მსჯავრდებული.

2013 წლის 28 მარტს სახალხო დამცველის რწმუნებულები კვლავ იმყოფებოდნენ N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ამჯერად გაესაუბრნენ დაწესებულების ძველ ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულებს. ისინი არ ადასტურებენ ადმინისტრაციის მხრიდან უხეშ დამოკიდებულებას, თუმცა სხვა პრობლემების არსებობაზე საუბრობენ, კერძოდ, მათი თქმითაც, პრობლემას წარმოადგენს ექიმის ხელმისაწვდომობა, მედიკამენტების მიწოდება, საკვების ხარისხი და ულუფის ოდენობა, ასევე, სატელეფონო ბარათები. წერილობით ახსნა-განმარტებას ხელი მოაწერა 19 მსჯავრდებულმა.

აღნიშნული მოვლენებიდან რამდენიმე დღეში სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა სატელეფონო შეტყობინება ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულებისგან, ამჯერად გლდანის N8 დაწესებულებიდან.

2013 წლის 2 აპრილს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულეს N19 დაწესებულებიდან გლდანის N8 დაწესებულებაში გადაყვანილი ხუთი მსჯავრდებული, რომლებმაც განაცხადეს, რომ 27 მარტს სახალხო დამცველისთვის საჩივრით მიმართვის გამო ისინი 28 მარტს გადაიყვანეს N8 დაწესებულებაში. მათგან ოთხი დაავადებულია ტუბერკულოზის ქრონიკული ფორმით და დახურულ დაწესებულებაში მათი ყოფნა დაუშვებელია, ვინაიდან კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მსჯავრდებულთა გადმოცემით, პროტესტის ნიშნად მათ უარი განაცხადეს ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მიღებაზე და იმ შემთხვევაში, თუ არ დააბრუნებენ N19 დაწესებულებაში ან N15 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, გამოაცხადებენ შიმშილობას.

მიგვაჩნია, რომ ტუბერკულოზთან აქტიური ბრძოლის ფონზე, რასაც სასჯელაღსრულების სამინისტრო ახორციელებს, სრულიად დაუშვებელია ამ მძიმე დაავადების მქონე მსჯავრდებულების, სარეჟიმო მოსაზრებებით, დახურულ დაწესებულებაში განთავსება, მით უმეტეს, თუ ეს ხდება სახალხო დამცველისთვის მიმართვის გამო.

ვიმედოვნებთ, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დაუყოვნებლივ დაინტერესდება N19 დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებით და მიიღებს სათანადო და ადეკვატურ ზომებს", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41