ირმა ნადირაშვილის შესახებ მასალებს რეგიონული განვითარების სამინისტრო პროკურატურას გადასცემს

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 15:03

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, სამინისტრო უმცირესობის დეპუტატის ირმა ნადირაშვილის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მიზნით მთავარ პროკურატურას მიმართავს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, დავით ტყეშელაშვილის მიერ 2009 წლის 16 თებერვლის N36/კ ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი განცხადების საფუძველზე, ირმა ნადირაშვილი დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე. სამინისტროს საშტატო განრიგის შესაბამისად, მისი თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 1900 ლარით.

ამავე მინისტრის 2010 წლის 22 აპრილის N48/კ ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, ირმა ნადირაშვილი გათავისუფლდა ზემოაღნიშნული თანამდებობიდან, ასევე, წერილობითი განცხადების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნიდან გათავისუფლებამდე პერიოდში, მის მიერ თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, მიღებულმა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 28500 ლარი, ხოლო პრემიის სახით მიღებულმა შემოსავალმა - 22060 ლარი. ჯამში 50560 ლარი.

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული საქართველოს პარლამენტის წევრის, ირმა ნადირაშვილის საკონტაქტო ინფორმაციის გრაფაში - „სამუშაო გამოცდილება“ - მითითებულია, რომ ირმა ნადირაშვილი 2008-2009 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის“ მთავარ პროდიუსერად, ხოლო 2009-2010 წლებში ამავე კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსად. კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის თვეები და რიცხვები მითითებული არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2009-2010 წლებში, სახელმწიფო სამსახურის პარალელურად, ირმა ნადირაშვილს შეთავსებით ეკავა აგრეთვე სხვა თანამდებობა და ეწეოდა სხვა ანაზღაურებად საქმიანობას.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურში მუშაობის პერიოდში, მის მიერ დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით, ირმა ნადირაშვილი წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურეს - მოხელეს. ამავე კანონის 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში“.

ამევე კანონის 732 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურემ თავის საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. ამავე კანონის 734 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე, მიიღოს ზომები ნებისმიერ ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევის დაუშვებლობისთვის, განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე ან დანიშვნის შემდეგ, როგორ კი ეს ფაქტი მისთვის ცნობილი გახდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ირმა ნადირაშვილის პირად საქმეში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, შესაძლებელია დასაბუთებულად ვივარაუდოთ, რომ ირმა ნადირაშვილი, 2009 წლის 16 თებერვლიდან 2010 წლის 22 აპრილის ჩათვლით იკავებდა სახელმწიფო სამსახურში სახელმწიფო მოსამსახურის - მოხელის თანამდებობას და იმავდროულად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნულ ნორმათა დარღვევით, ეკავა სხვა თანამდებობა და ასრულებდა ანაზღაურებად საქმიანობას ტელეკომპანია რუსთავი2-ში.

აღნიშნული ფაქტის სამართლებრივი შეფასების მიზნით, შესაბამისი მასალები წარედგინება საქართველოს მთავარ პროკურატურას", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46