„ახალ მემარჯვენეებს“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ფრაგმენტულად შეტანა არასწორად მიაჩნიათ

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 14:24

„ახალი მემარჯვენეების“ აზრით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფში პარტიების მონაწილეობის მიზანს ამ პროცესში პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური  ჩართულობა და მათ შორის მიღწეული კონსესუსის საფუძველზე საარჩევნო კოდექსის მიღება წარმოადგენდა. თუ ცვლილებები ეტაპობრივად და ფრაგმენტულად განხორციელდება ისე, რომ მასში ჩართული არ იქნებიან ქვეყანაში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალები, ეს შეამცირებს არა მხოლოდ ამ პროცესის ეფექტურობას, არამედ საყოველთაო ნდობას საარჩევნო კოდექსის მიმართ, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

მამუკა კაციტაძე ამ კონტექსტში განიხილავენ საკრებულოში გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესთან დაკავშირებით მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს და მიაჩნია, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა ასეთი ცვლილებები ფრაგმენტულად არ განხორციელდეს და კოდექსის საბოლოო სახე სწორედ ინტერფრაქციული ჯგუფის საქმიანობის შედეგად განისაზღვროს.

ახალი ინიციატივის შინაარსის შესახებ „ახალ მემარჯვენეებს“ აქვთ შენიშვნები წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ და მათი გათვალისწინება სავსებით შესაძლებლად მიაჩნიათ.

„დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ მისაღებია არჩევნებამდე დარჩენილი ვადის 2 წლიდან ერთ წელზე დაყვანა, რაც ლოგიკურია თუკი პრინციპად ვაცხადებთ, რომ ოლქი ხანგრძლივი ვადით მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე არ უნდა რჩებოდეს.

რაც შეეხება შენიშვნებს:

• გაუგებარია საკანონმდებლო ინიციატივის ავტორთა არგუმენტები, თუ რატომ უნდა ჩატარდეს არჩევნები გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დეპუტატების რაოდენობა 3–ს მიაღწევს. თუ საუბარია, რომ ოლქი მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე არ უნდა დარჩეს, ეს წესი უნდა მოქმედებდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ხდება რომელიმე ოლქში მაჟორიტარული წესით არჩეული თუნდაც ერთი დეპუტატის გამოკლება.

• ჩვენი აზრით, მიუღებელია იმ თვეების ჩამონათვალში, როცა შეიძლება შუალედური არჩევნები ჩატარდეს, ივნისთან და ოქტომბერთან ერთად თებერვლის დამატებაც, რადგან იანვარ – თებერვალი ძალიან ცუდი თვეებია წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად და არჩევნების ჩასატარებლად კლიმატური პირობების გამო.

ამავე დროს, „ახალი მემარჯვენეები“ ვთვლით, რომ თუკი რაიმე ცვლილება იყო სასწრაფო და დროულად განსახორციელებელი, ეს ეხება იურიდიული პირებისათვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვის გაუქმებას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა პირველ ტურში გამარჯვებისათვის 30%–იანი ბარიერის 50%–მდე გაზრდას. სამწუხაროა, რომ ამ ცვლილებების მიღწევა, რომელსაც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტია ეთანხმება, 27 აპრილის პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ვერ მოხერხდა. „ახალი მემარჯვენეების“ მოთხოვნაა, თუკი მმართველი კოალიცია მაინც ახორციელებს ფრაგმენტულ ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, პირველ რიგში სწორედ ეს ცვლილებები განხორციელდეს, - განაცხადა პრესკონფერენციაზე მამუკა კაციტაძემ.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს პარლამენტში რეალური მრავალპარტიულობის მიღწევას და ქვეყანაში დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46