ფიქრია ჩიხრაძე გრიგოლ ვაშაძის წერილის არშემჩნევის ფაქტს ორმაგ სტანდარტს უწოდებს

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 15:41

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთის კულტურის მინისტრთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"რამდენიმე დღეა ველოდები, ის ადამიანები, რომლებიც რადიკალურად და ამას ლამის მოღალატეობის კვალიფიკაციას აძლევდნენ, რამეს იტყოდნენ თუ არა გრიგოლ ვაშაძის მიერ 2008 წლის 27 ნოემბერს კრემლში, კულტურის მინისტრ ავდეევისთვის გაგზავნილ, ახლახანს განსაჯაროებულ წერილზე.

ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რა ხერხით მოიპოვა და ვინ განასაჯაროვა ხსენებული წერილი. ფაქტი ერთია – ოკუპირებულ ტერიტორიების მქონე ქვეყნის კულტურის მინისტრი მაშინ, როცა დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, კულტურული ურთიერთობების გაღრმავების (?) შეთავაზებით წერილს უგზავნის ოკუპანტი ქვეყნის კულტურის მინისტრს.

რითი ჩამოუვარდება, თუ პოლიტიკური დატვირთვით არ აღემატება, ეს „დიპლომატიური შედევრი“ „ერისიონის“ მიერ კრემლში გამართული კონცერტის ფაქტს?! რატომ არაფერს ამბობს ამაზე ის საზოგადოება, რომლის აღშფოთებასაც საზღვარი არ ჰქონდა ამ ცოტა ხნის წინ. რატომ ვართ ადამიანები ასე სუბიექტურები, რომ მზად ვართ მთელი სიმკაცრით ვამხილოთ კულტურის მოღვაწეები და არც კი „შევიმჩნიოთ“ პოლიტიკოსის და, რაც მთავარია, თანამდებობის პირის საქციელი, იმიტომ, რომ ის იმ პოლიტიკურ ბანაკს წარმოადგენს, რომელსაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ოკუპაციის თემაზე ექსკლუზივის მოპოვება აინტერესებს და ნაკლებად – ის ტრაგიკული მდგომარეობა,რომელშიც 2008 წლის აგვისტოში საქართველო აღმოჩნდა.

ძნელია, ისიც დაივიწყო, რომ გრიგოლ ვაშაძე ოკუპაციის პირობებში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და ჯიბეში კვლავ რუსული პასპორტი ედო.

ოკუპაციის თემის გამარტივება და მასთან თამაში (ან გნებავთ –ცეკვა–თამაში) დაუშვებელია. მოქალაქეობრივი და მორალური პასუხისმგებლობა ყველას მოეთხოვება– მსახიობსაც, მომღერალსაც, სპორტსმენსაც, მწერალსაც და, რა თქმა უნდა, „ერისიონის“ მოცეკვავეებსაც. მაგრამ განუზომლად დიდია პოლიტიკოსის და, მით უფრო, თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა.

ეს სწორედ ის ორმაგი სტანდარტია, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასოდეს ჩამოყალიბდება სრულფასოვან ოპოზიციად. ეს სწორედ ის ორმაგი სტანდარტია, რომლის გამოც კრემლში ცეკვა პრობლემაა და კრემლში ცეკვის სურვილით გაგზავნილი პოლიტიკური წერილი კი –არა, მაგრამ ყველაზე მეტად შემაშფოთებელი და მტკივნეულია ის ფაქტი,რომ ის საზოგადოება, რომლისთვისაც დასავლური ფასეულობები ღირებულია, რომელსაც ოკუპაციის ფაქტის მიმართ პრინციპული და შეურიგებელი პოზიცია აქვს და მორალურად სწორად აფასებს „ერისიონის“ მიერ კრემლში კონცერტის გამართვის ფაქტს, რატომღაც „არ იმჩნევს“ ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წერილს. სამწუხაროდ, ესეც ორმაგი სტანდარტია და ამ დამოკიდებულების მქონე საზოგადოება ვერასოდეს მოსთხოვს პასუხს ხელისუფლებას და ვერ იქნება მისი მაკონტროლებელი "- აღნიშნულია ფიქრია ჩიხრაძის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46