ლევან კობიაშვილის გულშემატკივრები მის ღირსეულად გაცილებას მოითხოვენ

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 13:53

„მოვითხოვთ ლევან კობიაშვილის ღირსეულად გაცილებას“, - ამ სახელწოდებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ლევან კობიაშვილის ფანკლუბმა ფეისბუქის ახალი ვებგვერდი შექმნა, სადაც ფეხბურთელის განცხადებაა განთავსებული მისი წასვლის შესახებ.

ლევან კობიაშვლი განცხადებაში მადლობას უხდის მის გულშემატკივარს და მწვრთნელებს რეზო ძოძუაშვილს, ალექსანდრე ჩივაძეს და დავით ყიფიანს.

“მოგესალმებით, ვწუხვარ, რომ ამ ფორმით მიწევს თქვენთვის მადლობის გადახდა. მადლობა იმ მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობდი თქვენგან. საქართველოს ნაკრების წევრობა ყოველთვის პრიორიტეტული და საამაყო იყო ჩემთვის. მიუხედავად მრავალი სირთულისა, თავი არასოდეს დამიზოგავს. გუნდისთვის, ისევე როგორც ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებდი მაქსიმუმს.

ყოველთვის დიდ ბედნიერებას მანიჭებდ აეროვნული გუნდის მაისურის ტარება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც მომიწია თამაში საქართველოს ნაკრებში; ყველა იმ მწვრთნელს, ვისთანაც მიმუშავია. განსაკუთრებით მსურს გამოვყო რეზო ძოძუაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი. მათ დიდი როლი ითამაშეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში".

ასვე კობიაშვილი წარმატებას უსურვებს საქართველოს ნაკრებს და მწუხარებას გამოთქვამს მისი ასეთი გაცილებისთვის.

„სამწუხაროდ, ჩემი და ქართველი გულშემატკივარის ოცნება – გვეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე – ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, აუხდენელი დარჩა. წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს. მათ დღეიდან, ჩემი სახით, ერთით მეტი ჭეშმარიტი გულშემატკივარი შეემატა.

ფეხბურთის ფედერაციაში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისათვის ღირსეულად დამშვიდობება. ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები.

იმედი მაქვს მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს. მე მივდივარ, როგორც აქტიური ფეხბურთელი ნაკრებიდან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები ქართულ ფეხბურთში. პატივისცემით, თქვენი ლევან კობიაშვილი“ - ნათქვამია კობიაშვილის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6