საია შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 13:36

საია კიდევ ერთხელ ეხმაურება ბათუმში საიას თანამშრომლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას შორის მომხდარ ინციდენტს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

 საია განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, განადგურდა ბათუმში მომხდარი ინციდენტის ამსახველი უტყუარი მტკიცებულება - ვიდეო მასალა. 

როგორც ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ობიექტის, ,,ბათუმის სახლის" მფლობელი საბირ ნურიევი აღნიშნავს, მასთან მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებმაც წაშალეს ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. საიას ინფორმაციით, არსებობს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების შენობაში შესვლის ამსახველი ვიდეომასალა, რასაც ,,ბათუმის სახლის" მფლობელები ჟურნალისტებს არ აძლევენ პოლიციელთა შიშის გამო. აღნიშნული მტკიცებულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საიას თანამშრობლები ცდილობდნენ ამ ფაქტით სამართალდამცავთა დაინტერესებას ჩანაწერზე ასახული ინფორმაციის დაცვის მიზნით. თუმცა, რამდენიმე საათის განმავლობაში ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამ დროისთვის, საიას მოთხოვნის საპასუხოდ, შსს-ს გენერალური ინსპექციის დავალებით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რათა ამოეღოთ კონკრეტული პირების მიერ ,,ბათუმის სახლში" მისვლის ამსახველი ჩანაწერი თუმცა, მტკიცებულების ამოღების მიზნით მისულ პატრულის თანამშრომლებს შორის ამოცნობილ იქნა თავად ის პირი, რომელიც ფიქსირდება აღნიშნულ ჩანაწერზე და რომელმაც სავარაუდოდ პირადად მიიღო მონაწილეობა მტკიცებულების განადგურებაში.

საიას ინფორმაციით, აღნიშნული პირი წარმოადგენს ქალაქის მე-2 განყოფილების უფროსს, გიგლა მოსიძეს. შესაბამისად, საიას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ პირი, რომელმაც სავარაუდოდ გაანადგურა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მოახდენს მისივე დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი მასალის სათანადო წესით მოპოვებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მტკიცებულების განადგურება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს.

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა არის ტესტი, რომელიც წარმოაჩენს თუ რა მიდგომა აქვს შსს-ს საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევათა ფაქტებზე. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით სამწუხარო ფაქტია, რომ არათუ არ ხორციელდება სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, არამედ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიმართლე არ დადგინდეს და პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის კვალი წაიშალოს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა მიუთითებდეს უწყებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების მნიშვნელობიდან გამომდინარე საია მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46