რაც არ უნდა წმინდა იყოს ადამიანი, მასში არსებობს შეცდომის დაშვების პოტენციური შესაძლებლობა - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 20:02

საქართველოს მართლ-მადიდებლურმა ეკლესიამ 24 მარტს დიდმარხვის პირველი კვირა აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლ-მადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.

მახათას მთის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და ეკლესიის დაარსებისა და მსოფლი საეკლესიო კრებების მნიშვნელობაზე ესაუბრა:

„ჩვენ ვიცით რომ ქრისტემ აღდგომიდან 50-ე დღეს, მაშინ როდესაც სულთმოფენობას ვზეიმობთ, დააარსა ქრისტიანული ეკლესია. ეკლესია, რომელიც არის წყარო ცხონებისა და ადგილი ადამიანის გადარჩენისა. აქედან მოყოლებული, პირველი 3 საუკუნე ეკლესია განიცდის დევნას. იდევნება ყველგან, მაგრამ ეს მძლავრი შინაგანი მაცოცხლებელი ეკლესია მთელი ძალით იფეთქებს ადამიანთა შორის და სულ უფრო მძლავრად განაგრძობს გავრცელებას მთელს რომში.

მართალია, ეკლესია იდევნებოდა, მაგრამ სულით არის წმინდა. ამ დროს იმპერია არ არის ქრისტიანული და არ ერევა ეკლესიაში, ვინაიდან იმპერიული პოლიტიკისთვის ქრისტიანობა უცხოა. ამ პერიოდში მოციქულები სხვადასხვა კუთხეში აარსებენ ტაძრებს. სამქადაგებლო ენა ქრისტიანული ეკლესიის დაარსებიდანვე არის ბერძნული, მაგრამ ყველა ეკლესია ადგილობრივ ენაზე თავის სარწმუნოებრივი შეხედულებით განაგრძობს არსებობას. თუმცა, ქრისტიანული ეკლესიის თავი არის ქრისტე.

დაარსებიდანვე ჩნდება ქრისტიანულ ეკლესიაში არასწორი სწავლება, მაგრამ არა იმ სიძლიერით, რაც შემდგომში გამოვლინდა. სწორედ ამიტომ ქრისტიანობის დევნის პერიოდში არ იყო საჭიროება სხვადასხვა საღვთისმეტყველო საკითხის ჩაღრმავების. შემდგომში კონსტანტინე იმპერატორის დროს ქრისტიანობა ნებადართულ რელიგიად გამოცხადდა, ხოლო მე-6 საუკუნეში თეოდოსის დროს რომში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

ეს იმას ნიშნვდა, რომ რომის იმპერიამ ზნეობრივ-მორალურ კრიტერიუმად ქრისტიანული ეკლესია აიღო და ამ რელიგიის საფარქვეშ სურდა გაეერთიანებინა ყველა ერი.

როდესაც ქრისტიანობა აღარ იდევნებოდა, დადგა ჟამი შინაგანი განწმენდისა. ამ დროს იყო მრავალი მწვალებლობა. ერთ-ერთი  შეხედულება ის იყო, რომ თითქოს ძე ღმერთი მამა ღმერთის შქმნილი და მისდამი დაქვემდებარებული არის,  რაც თავისთავად არასწორი წარმოდგენაა. ჩვენ ვიცით, რომ ყოვლადწმინდა სამება არის ერთი ღმერთი სამსახოვანი და ეს სამი სახე თანასწორია ერთმანეთის წინაშე. სწორედ ამ არასწორი გაგების, მწვალებლობის გამო, 325 წელს შეიკრიბა ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც მართლმადიდებლობამ გაიმარჯვა მწვალებლობაზე. კიდევ ერთი მწვალებლობა იყო აზრი, რომელიც ღვთისმშობელს არ აღიარებდა ღვთისმშობლად. შემდგომში ეს მწვალებლობაც იქნა დამარცხებული.

ქრისტიანულ ეკლესიას მძლავრად შემოუტია მწვალებლობამ, როგორიც იყო ხატთმებრძოლობა. იყო მეორე უკიდურესობა -  ქრისტიანები ხატებს სცემდნენ თაყვანს და არა მასზე გამოსახულ ღმერთს. ჩვენ თაყვანს ვცემთ ხატზე გამოსახულ მაცხოვრს და ხატს არ აღვიქვამთ ღმერთად. ასევეა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მისი მადლი გადმოდის და განეფინება ყველა ხატში და გამოსახულებაში. ეს არის სწორი მიდგომა, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ფრესკას ფხეკდნენ და წყალში ან ზიარებაში ურევდნენ. ამ არასწორი დამოკიდებულების გამო იმპერატორმა მოსთხოვა კონსტანტინეპოლის წმინდა პატრიარქს, რომ ხატები აემაღლებინათ, რათა ადამიანებს არ ჰქონოდათ საშუალება შეხებოდნენ მათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხატებთნ ერთად იდევნებოდნენ ბერ-მონაზვნებიც.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც არ უნდა წმინდა იყოს ადამინი მასში არსებობს შეცდომის დაშვების პოტენციური შესაძლებლობა. სამი რამ არსებობს ამ ქვეყნად უცდომელი, ეს არის მსოფლიო საეკლესიო კრებები, წმინდა წერილი და წმინდა ლიტურგია. ჩვენთვის ერთ-ერთი უცდომელი არის მსოფლიო საეკლესიო კრებები, რომლის საშუალებითაც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შეძლო და გაიმარჯვა არაერთ მწვალებლობაზე“, - აღნიშნა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა ქადაგებისას.

დიდმარხვის პირველი კვირის აღნიშვნა მე-8 საუკუნეში რომის იმპერიის დედოფალ თეოფილეს დროს 842 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული მართლმადიდებლური სამყარო ყოველ წელს ზეიმობს.

                                                                                        მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46