ლაშა ბერულავა თინა ხიდაშელს სიცრუეში ადანაშაულებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 17:37

ჟურნალისტი, რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" რედაქტორი  ლაშა ბერულავა,  რესპუბლიკური  პარტიის"  ერთ-ერთ  ლიდერს,  პარლამენტის   წევრს კოალიცია "ქართული ოცნებიდან" თინათინ ხიდაშელს საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

ლაშა ბერულავას მიმართვა სააგენტო "ნიუპოსტის" გვერდზე და ასევე ვიდეოპორტალ "იუთუბის" მეშვეობით გავრცელდა.

საინფორმაციო სააგენტო "ჯეონიუსი" ვიდემიმართვის ტექსტს უცვლელად გთვაზობთ:

"მინდა მივმართო ქალბატონ თინა ხიდაშელს, რომელმაც მე, ჟურნალისტ ლაშა ბერულავას, გუშინ, გადაცემა "პოზიციაში" გამოსვლის დროს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მიწოდა.

დაახლოებით ერთწუთიან განცხადებაში ქალბატონმა თინამ, მინიმუმ, ორჯერ იცრუა.

სიცრუე პირველი: მე, ლაშა ბერულავა, 1995 წლიდან ვარ ჟურნალისტიკაში და არც ამ ხნის განმავლობაში, არც მანამდე, არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი.

რაც შეეხება ატივისტის თემას, ქალბატონ თინას ვურჩევ, რომ აქტივისტებიც და, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გააქტივისტებულებიც მან მოიკითხოს უფრო უახლოეს გარემოცვაში, ვიდრე ჩემთან დაკავშირებით საუბრობს. და მეორეც, ქალბატონო თინა: მე რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ვყოფილიყავი, 2004 წლიდან დაწყებული, ანუ მაშინ, როცა თქვენ ბრძანდებოდით "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, ერთხელ მაინც სადმე აუცილებლად შევხვდებოდით ერთმანეთს.

და მეორე სიცრუე: ქალბატონო თინა, თქვენ ცრუობთ, როდესაც აცხადებთ, რომ ლაშა ბერულავამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ორგანიზაცია "ლაზარეს" განცხადება ნამდვილად არსებობდა "ფეისბუქზე" მის ოფიციალურ გვერდზე. თქვენი პრესსამსახურის ხელმძღვანელის თინა ძნელაძის პირველივე თხოვნაზე მე მას გავუგზავნე დასაბუთებული წერილი, ბმულებისა და სქრინ-ფოტოების თანხლებით, საიდანაც დასტურდებოდა, რომ ჩემთვის ამ განცხადების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა ჩემი კოლეგის დარეჯან მეფარიშვილის "ფეისბუქ"-გვერდიდან, შემდეგ გადავედი იმ ბმულზე, რომელიც დაიდო დარეჯან მეფარიშვილის გვერდზე, კომენტარების ველში, გადავამოწმე, რომ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არსებობდა და მხოლოდ ამის შემდეგ გავავრცელე ის.

ამის შემდეგ "რესპუბლიკურმა პარტიამ" გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ბოდიშის მოხდა მოითხოვა ორგანიზაცია "ლაზარესგან. ხაზს ვუსვამ: ორგანიზაცია "ლაზარესგან" და არა ჟურნალისტისგან ან საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტისგან".

შესაბამისად, იბადება კითხვა: თუკი თქვენ, როგორც "პოზიციაში" აღნიშნეთ, ბუნებაში არ გინახავთ ასეთი განცხადება დასახელებული ორგანიზაციის გვერდზე, მაშინ რის საფუძველზე მოითხოვა რესპუბლიკურმა პარტიამ ორგანიზაცია "ლაზარესგან" ბოდიშის მოხდა? და თუკი რესპუბლიკურ პარტიას პრეტენზია ჰქონდა ჟურნალისტის ან სააგენტოს მიმართ, რატომ არ დაფიქსირდა ეს მის მიერ გავრცელებულ პირველივე ოფიციალურ განცხადებაში?

ქალბატონო თინა!

მე, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა გადანაშაულებთ თქვენ, რომ ცილი დამწამეთ, და დამადანაშაულეთ სიცრუის გავრცელებაში, რის გამოც მოგიწოდებთ, საჯაროდ მომიხადოთ ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებ უფლებას, ვიმოქმედო ჩემი შეხედულებისამებრ"- აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46