რეგიონული განვითარების სამინისტრო ირმა ნადირაშვილს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 12:23

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს ირმა ნადირაშვილს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. "ჯეონიუსი" გთავაზობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

"გუშინ საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ნადირაშვილმა პრესკონფერენციაზე მედიას მიაწოდა ინფორმაცია საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანების შესახებ. მან, ასევე, განაცხადა, რომ ინფორმაცია თავად სამინისტროებმა და საჯარო უწყებებმა მიაწოდეს. ნადირაშვილმა, მათ შორის, გამოაქვეყნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა და განაცხადა, რომ სამინისტრომ 109 თანამშრომელი გაათავისუფლა.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ირმა ნადირაშვილს რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის საერთოდ არ მოუმართავს მოთხოვნით, მიგვეწოდებინა მისთვის გათავისუფლებულ თანამშრომელთა სია ან რაოდენობა.

 2013 წლის 20 თებერვალს სამინისტროში შემოვიდა დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის წერილი, რომლითაც ის ითხოვდა, მიგვეწოდებინა ინფორმაცია 2012 წლის 1 დეკემბრიდან წერილის შემოსვლის დღემდე „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მის მმარველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სამსახურებში მიღებულ და სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებთან დაკავშირებით“.

 ამ წერილის პასუხად, 2013 წლის 26 თებერვალს გოგორიშვილს გაეგზავნა ინფორმაცია სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებიდან - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან წერილში მითითებულ პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა შესახებ.

 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გათავისუფლდა მხოლოდ 6 თანამშრომელი. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან კი ამავე პერიოდში გათავისუფლდა 13 თანამშრომელი.

 მარტივი არითმეტიკა - 6+13=19!

 მივმართავთ ირმა ნადირაშვილს, მობრძანდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და წარმოგვიდგინოს დანარჩენი 90 „გათავისუფლებული“ თანამშრომლის სია და წყარო, საიდანაც მოიპოვა აღნიშნული ინფორმაცია. აქვე, ქალბატონ ნადირაშვილს ვაცნობებთ, რომ მთლიანად სამინისტროში დასაქმებულია 105 ადამიანი, საიდანაც, მისი თქმით, 109 გაგვითავისუფლებია", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46