სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 17:38

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და ბათუმში "საია"-ს სამ თანამშრომელსა და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიას შორის მომხდარი ინციდენტის შესწავლას სთხოვს.

სახალხო დამცველის მიმართვას "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის 28 მარტს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვალერიან თელიამ შეურაცხყოფა მიაყენა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 3 თანამშრომელს.

მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ავტომანქანის მძღოლი, რომლითაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული მთელი დღის განმავლობაში სწავლობდა აღნიშნული საქმის დეტალებს.

მოგვიანებით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ინციდენტის ახლოს მდებარე ოფისის „ბათუმის სახლის“ მფლობელი საბირ ნურიევის განცხადებით, მასთან მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებმაც წაშალეს ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, დღემდე „ბათუმის სახლში“ არსებობს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების შენობიდან გამოსვლის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც იძლევა საშუალებას, დადგენილ იქნას ვის მიერ იქნა განადგურებული ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა. საიას წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ამავე დღეს, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, რომელთა შორისაც ამოცნობილ იქნა თავად ის პირი, რომელიც ფიქსირდება ვიდეო ჩანაწერზე, კერძოდ, ქ.ბათუმის მე-2 განყოფილების უფროსი, გიგლა მოსიძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში „ბათუმის სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მათთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაიწყოს აღნიშნული ფაქტის შესწავლა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაუყოვნებლივ ამოიღოს „ბათუმის სახლში“ არსებული ვიდეო ჩანაწერი და უზრუნველყოფილ იქნას სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების გატარება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გახშირდა მომართვიანობა, რომელშიც მოქალაქეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა რანგის თანამშრომელთა მხრიდან მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებენ. ჩვენს ხელთ არსებულ არაერთ ფაქტზე საქართველოს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის ორგანოებს. აუცილებელია, თითოეულ მსგავს შემთხვევას მოჰყვეს მკაცრი და ადეკვატური რეაგირება, რათა დარღვევებს არ მიეცეს სისტემური ხასიათი.

საქართველო სახალხო დამცველი განაგრძობს აღნიშნული ფაქტის შესწავლას და თვალყურს მიადევნებს გატარებულ ღონისძიებებს", - აღნიშნულია მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6