სააკაშვილი კიდევ ცრუობს - დავით ნარმანია

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 13:57

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე  საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.

მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს, სამწუხაროდ, მოსახლეობა ყოველდღიურად შეჰყავს შეცდომაში, ამიტომ საჭიროდ თვლის, პასუხი გასცეს და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

"ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს რეგიონებში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს განცხადებებს, რომელსაც სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები მოსახლეობის შეცდომაში შეგნებულად შეყვანას და იმ პრობლემების გადაფარვას ემსახურება, რომელიც მისი ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში დაგროვდა. მიუხედავად იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს, სააკაშვილი ჯიუტად აცხადებს, რომ პროექტები შეჩერებულია და ახალი ხელისუფლება ხალხზე არ ზრუნავს. ამჯერად პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ მხოლოდ ორ სიცრუეზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას:

ე.წ. ოქროს ქვიშების პროექტი

გუშინ, 26 მარტს ბათუმში სტუმრობისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ აჭარის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები „მის ჯინაზე“ შევაჩერეთ, რაც აბსოლუტური სიცრუეა.

პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ინიციატივით, საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ბათუმში დაგეგმილი იყო ოქროსქვიშიანი სანაპირო ზოლისა (პლაჟის) და ნაპირდაცვის გაკეთება. პროექტის ჯამური ოდენობა 200 მილიონ ლარს აღემატებოდა. 200 მილიონიდან 80 მილიონი ლარი ოქროს ქვიშის პლაჟის მოწყობისთვის იყო გათვალისწინებული, ხოლო მისი შენახვის ყოველწლიური ხარჯი 3 მილიონ ლარს აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის გახორციელების შემთხვევაში, 200 მილიონიდან 175 მილიონი ლარი აზიის განვითარების ბანკიდან სახელმწიფოს კრედიტის სახით უნდა მიეღო, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაეფინანსებინა.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ მოხდა პროექტის მოდიფიცირება, რომლის შესაბამისადაც, ოქროს ქვიშების ნაცვლად, გამოყენებული იქნება ჭოროხის ქვიშა-ხრეშოვანი ადგილობრივი მასალა. პროექტის მოდიფიცირების შედეგად გაკეთებული ეკონომია შეადგენს 80 მილიონ ლარს, ხოლო ყოველწლიური ექსპლუატაციის ხარჯი შეადგენს შვიდჯერ ნაკლებს - 480 ათას ლარს. პროექტის მიხედვით, ჩატარდება როგორც სანაპირო ზოლის (პლაჟის) რეაბილიტაცია, ისე ნაპირსამაგრი სამუშაოები. პროექტის მოდიფიცირებით მიღებული ეკონომია კი გამოყენებული იქნება მოსახლეობისთვის სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის „ჩაკეტილი“ გზა

25 მარტს ახალქალაქში ვიზიტისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საავტომობილო გზა გაწმენდილი არ არის და ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები ექმნება.

ეს განცხადებაც სააკაშვილის მორიგი სიცრუეა. მან კარგად იცის, რომ გზა, რომელზეც ის საუბრობდა, ზამთრის განმავლობაში ყოველ წელს ჩაკეტილია და მოსახლეობა მუდმივად ალტერნატიული გზით სარგებლობს. აღნიშნული მონაკვეთი ხასიათდება ზამთრის პერიოდში ინტენსიური ქარბუქებით, რაც იწვევს უხვ ნამქერს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე და ხილვადობის მინიმუმამდე დაქვეითებას. აღნიშნულ პირობებში მგზავრთა გადაადგილება საფრთხის შემცველია და, შესაბამისად, ამ მონაკვეთზე, წლების მანძილზე, რთულ კლიმატურ პერიოდში სისტემატიურად იკრძალებოდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

2007 წლის სექტემბერში საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის მიერ დამტკიცდა საავტომობილო გზების საუღელტეხილო მონაკვეთების ჩამონათვალი, რომლებიც ზამთრის პერიოდში მოვლა-შენახვას არ ექვემდებარება. მათ შორის არის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე არსებული ტიკმანტაჟის 12 კმ-იანი საუღელტეხილო (ნარდევანი-როდიონოვკის) მონაკვეთი.

2008 წელს საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 31 მარტს; 2009 წელს -13 აპრილს; 2010 წელს - 1 აპრილს; 2011 წელს - 1 აპრილს, ხოლო გასულ, 2012 წელს წელს მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 7 აპრილს.

სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით ზამთრის პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება ყოველთვის ხორციელდება ალტერნატიული - ხაშური-ახალციხე-ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზით.

აღსანიშნავია, რომ 2009-2011 წლებში ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ მიერ გზას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავდა სავალი ნაწილისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მაგრამ აღნიშნულ მონაკვეთზე ზამთრის პერიოდში შეუზღუდავი განვლადობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ნამქერსაწინააღმდეგო ნაგებობების მოწყობა არ განხორციელებულა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებიდან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის არ ფლობს სათანადო ინფორმაციას, მობრძანდეს სამინისტროში ან ეწვიოს ჩვენს ვებ-გვერდს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46