ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 12:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. კანდიდატების წარდგენა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მოხდა.

 პრემიერმა შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატად იურისტი თამარ კორძაია, ბაღდათში ადვოკატი პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიაში ასევე იურისტი გიორგი კახიანი წარადგინა.

 "იურისტი თამარ კორძაია ამჟამად საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის აღმასრულებელი დირექტორია, აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მრავალწლიანი გამოცდილება.

ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატს პაატა კიკნაველიძეს წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, არის გამოცდილი იურისტი და დიდი პრაქტიკა აქვს საერთაშორისო სასამართლოს არბიტრაჟის კუთხით. ის ბაღდათელია, კარგად იცნობს ამ რაიონს და მისი ყველა პრობლემა კარგად იცის.

გიორგი კახიანიც იურისტია, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი და უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებში მუშაობის გამოცდილება. ბოლო წლებში ეწევა სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას, არის სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. გიორგი კახიანი წარსულში იყო წარმატებული სპორტსმენი მორაგბე, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ამომრჩევლებს "ქართული ოცნების" კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 შუალედური არჩევნები 27 აპრილსაა დაგეგმილი, პოლიტიკურ სუბიექტებს და საინიციატივო ჯგუფის წევრებს კი მაჟორიტარობის კანდიდატების წარსადგენად ვადა 28 მარტამდე აქვთ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6