GIPA-ს ლექტორები კახა ბენდუქიძეს მიმართავენ

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 20:05

GIPA-ს ლექტორები კახა ბენდუქიძეს  მიმართავენ   და  მორალური   პასუხისმგებლობის   გაცნობიერებისკენ  მოუწოდებენ   მომავალი  თაობის  წინაშე. "ჯეონიუსი" გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

"ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის მესვეურებმა არაერთხელ მოიხსენიეს GIPA ნეგატიურ კონტექსტში. ამ განცხადებების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ჩვენი ინსტიტუტის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვა.

13 მარტს ინსტიტუტის ადმინისტრაციამ ამომწურავი პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს, რითაც ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცედურებთან დაკავშირებითდა დააკმაყოფილა საზოგადოების ინტერესი აღნიშნული საკითხების მიმართ.

სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში საზოგადოება არაერთხელ გახდა სხვადასხვა სფეროში ზნეობრივი ნორმების დარღვევის, ცინიზმისა და არაკორექტულობის მოწმე. ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არც განათლების სფერო აღმოჩნდა. უსაფუძვლო თავდასხმების მიუხედავად,ჩვენყოველთვის ვცდილობდით, ურთიერთობა გადაგვეყვანა ეთიკურ და კოლეგიალურ ფორმატში. თუმცა, ინსტიტუტის მიზანმიმართული დისკრედიტაცია კვლავ გრძელდება, რისი დასტურიც გახლავთ 25 მარტს „კვირის პალიტრა“-ში გამოქვეყნებული ბატონი კახა ბენდუქიძის ინტერვიუ. პარადოქსია, რომ აღნიშნულ ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე,GIPA-მ აგრარული უნივერსიტეტისაგან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შეთავაზება მიიღო.

ჩვენ, GIPA-ს აკადემიურ პერსონალს, მიგვაჩნია, რომ განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს განსაკუთრებული მისია გვაკისრია, საკუთარი საქმიანობით, კულტურით და მაღალი პროფესიონალიზმით, მაგალითი მივცეთ მომავალ თაობებს. ჩვენ ვაფასებთ ამ ინსტიტუტის განსაკუთრებულ გარემოს და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც GIPA აწვდის სტუდენტებს ცოდნის მაღალი ხარისხის სახით, ხოლო აკადემიურ პერსონალს - შემოქმედებითი თავისუფლების თვალსაზრისით. ჩვენი ინსტიტუტი დაარსების დღიდან ემსახურება ზემოთ აღნიშნული ღირებულებების დამკვიდრებას. ეს განცხადება მორიგი მცდელობაა შევცვალოთ ურთიერთობის „ჩამოყალიბებული ფორმები“.

ვფიქრობთ, ბატონი კახა ბენდუქიძის არაეთიკური გამონათქვამები შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ სტუდენტების და აკადემიური პერსონალისათვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც. ამასთან, მისი რიტორიკა ეჭვქვეშ აყენებს GIPA-ს კურსდამთავრებულების განათლებას და კვალიფიკაციას, რომლებსაც წლების მანძილზე წამყვანი პოზიციები უკავიათ როგორც საჯარო და კერძო სექტორში, ასევე საგანმანათლებლოშიც - მათ შორის, ბატონი ბენდუქიძის მიერ დაფუძნებულ აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებში.

იმედი გვაქვს, რომ ბატონი კახა, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი, შეძლებს გააცნობიეროს მორალური პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე. ურთიერთობის არაკოლეგიალური, ეთიკას მოკლებული და შეურაცხმყოფელი ფორმით გაგრძელება ერთმნიშვნელოვნად განწირულია მარცხისთვის", - მიმართვას ხელს აწერს GIPA-ს 48 ლექტორი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46