გიორგი თევზაძე 1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 17:00

უფლებადამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ”თქვენი უფლებებისათვის” სპიკერმა გიორგი თევზაძემ   მცირეწლოვანის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.

 განცხადების ტექსტს "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში, მივუსამძიმრებთ გარდაცვლილი გოგიტა აბაშიძის ოჯახს. აუცილებელია ქვეყანაში პასუხისმგებელმა სამსახურებმა მანამდე იმოქმედონ, ვიდრე ურემი გადაბრუნდება. ეს შემთხვევა საჭიროებს დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას. აუცილებელია დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირების შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მორალურ პასუხისმგებლობას ვერც ერთი სოციალური სამსახური და ვერც საზოგადოება ვერ გაექცევა.

კოალიციისათვის მიუღებელია ის შეფასება და მიდგომები, რომლითაც სოციალური სამსახურის მუშაკები ცდილობენ თავი გაიმართლონ და მოიხსნან პასუხისმგებლობა კონკრეტული და მსგავსი შემთხვევებით გამოწვეული ფატალური შედეგებისაგან. გარდა სისტემური მოდგომების ცვლილებისა, აუცილებელია უფრო ეფექტურად მოქმედებდეს სფეროზე პასუხისგებელი სამსახურების შიდა კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რადგან არც თუ იშვიათად ფიქსირდება სოციალური მუშაკების მხრიდან გაუმართლებელი მიდგომები, რომელიც უკავშირდება საზოგადოების უკიდურესად გაჭირვებულ ნაწილს და რომლებზეც  სათანადო სისტემური კონტროლი არ ხორციელდება. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვილის გარდაცვალება არის მთლიანობაში ცალკეული ჩინოვნიკების არაკეთილსიდიერი საქმიანობის, არაჯანსაღი ბიუროკრატიული სტრუქტურის და წლების განმავლობაში დინებას მიშვებული პროცესების ლოგიკური შედეგი.

საყურადღებო და საგანგაშოა ამ სფეროში არსებული სტატისტიკაც. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, კვების დეფიციტი საქართველოში ისევ წარმოადგენს ერთ – ერთ უმთავრეს საფრთხეს ბევრი ბავშვისთვის. UNICEF–ის კვლევის თანახმად, საქართველოში თითქმის 77 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. უმეტესად ქალი და ბავშვი, განიცდის კვების დეფიციტს რაიმე ფორმით. საქართველოში ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის თითქმის 300–მდე ბავშვი იღუპება ორსულთა ანემიის, დაბადებისას მცირეწონიანობის, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიების და არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო. გაეროს ამავე ბავშვთა ფონდის ცნობით, სისტემის კიდევ ერთი ხარვეზს წარმოადგენს უსისტემო მიდგომები დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის არსებითი მომსახურებების სფეროში. არ ხდება სამშობიარო კლინიკიდან გაწერილი ახალშობილის დროული მიმართვა ამბულატორიაში და შესაბამისი მომსახურებების მიმწოდებლები არ იღებენ პასუხისმგებლობას, გააკონტროლონ ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ინფორმაცია მიაწოდონ მშობლებს ბავშვის მოვლის სათანადო პრაქტიკის, მათ შორის სრულფასოვანი კვების შესახებ.

ეს და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები ადასტურებენ, რომ ბავშვთა უფლებების, ასევე სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით მდგომარეობა საგანგაშოა და აუცილებელია დაუყოვლებლივ მოხდეს ერთის მხრივ საკითხის საფუძვლიანი შესწავლა, ხოლო მეორეს მხრივ დაიგეგმოს კომპლექსური ღონისძიებები, განხორციელდეს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები, რათა პირველ რიგში უზრუნველყოფილი იქნას ბავშვთა სიცოცხლის უფლება და პარალელურად ბავშვთა სხვა ფუნდამენტური უფლებების გარანტირებული და სისტემური დაცვა”, -აცხადებს გიორგი თევზაძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45