კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები და პოლიტიკოსები ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს მიმართავენ

, 24 მარტი, 2013 - 22:07

ქართვული კულტურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები და პოლიტიკოსები  ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ჟაკ როგეს წერილთ მიმართავენ, ჭიდაობის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დატოვების თაობაზე.

 "ჯეონიუსი" გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

"ეს გახლავთ  სპორტისა და ოლიმპიური კომიტეტის მეგობართა მშვიდობიანი გზავნილი.

 ჩვენ, ძირითადად, აქტიური სპორტისაგან შორს მდგომი ადამიანები, რომელთაც პირდაპირი კავშირები და პირადული ინტერესები არ გაგვაჩნია ამ სფეროში, მაგრამ ვცხოვრობთ სპორტით - დიდად დაგვაფიქრა ცნობამ, რომელიც ერთდროულად ძნელად დასაჯერებელიც არის, რეალურიცა და სამომავლოდ უფრო დიდი შეშფოთების საშიშროების შემცველიც. მან უკვე შოკი მოჰგვარა ყველას, ვინც კი პატივს სცემს ოლიმპიურ ოჯახს, ოლიმპიურ აზროვნებას, ოლიმპიურ ფილოსოფიას, რომლის ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო მშვიდობიანი მსოფლიო, ჰარმონიულად განვითარებული მოაზროვნე და ათლეტი ადამიანის სულისა და სხეულის სრულყოფა.

თქვენც და ჩვენც კარგად ვიცით, რომ ოლიმპიური, ანუ ოლიმპოს მთის სახელთან დაკავშირებული მოძრაობა ღმერთების თამაშებია, რომლებიც მათ კაცობრიობას უბოძეს ამქვეყნად მშვიდობის, მეგობრობის, კეთილი ნების დასამკვიდრებლად.

ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ჰერაკლესა და პიერ დე კუბერტენისაგან ორჯერ აღორძინებულ ოლიმპიურ მოძრაობას სერიოზული განხეთქილება ემუქრება, თუკი მიღებულ იქნება გადაწყვეტილება  ოლიმპიური ოჯახიდან მოჭიდავეთა მოკვეთის  თაობაზე. ოლიმპოს მთაზე ღმერთები თანაარსებობდნენ ერთად და ამოდენა დედამიწაზე ისეთი რა მოხდა, რომ ჩვენი დროის ფალავნებმა დატოვონ ოლიმპიური სარბიელი. ჭიდაობა ხომ ერთ-ერთი უძველესი ოლიმპიური სახეობაა, უფრო სწორად, პირველია, რომელიც შეემატა სირბილს და შედიოდა ანტიკურ ხუთჭიდში.

ერთად გავიხსენოთ, რომ სწორედ ჭიდაობას მისდევდნენ საყოველთაოდ ცნობილი ანტიკური მეცნიერები,  სახელგანთქმული მოაზროვნენი, კაცობრიობის გონიერების ეტალონები: მილონ კროტონელი, პითაგორა, პლატონი, პინდარე, ალკინადი და თვით  არისტოტელეც კი; ასევე - შუა საუკუნეების მოაზროვნენი, ახალი ისტორიის არაერთი დიდი სახელმწიფოს სახელოვანი მეთაური. ჭიდაობასთან დაკავშირებულმა სამმა დიდმა პიროვნებამ აშშ პრეზიდენტობას მიაღწია, ამის დიდი გამოცდილება აქვს რუსეთსაც. მოჭიდავეთა სულიერ სიძლიერეს უმღეროდნენ ანტიკური და ჩვენი დროის უდიდესი პოეტები. იქნებ მათმა ნათელმა სახეებმა მოგვცეს ძალა ყველას, რათა შეიცვალოს გადაწყვეტილება, რომელსაც ერთა თანამეგობრობისათვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.

ჩვენ სიამაყით ვამბობთ, რომ ოლიმპიური თამაშები კაცობრიობის დიდი მონაპოვარია, რომ ჩვენი დროის ოლიმპიური თამაშების აღორძინების გადაწყვეტილება მიიღეს დიდმა მოაზროვნეებმა, დიდმა ჰუმანისტებმა.

მათ კარგად ესმოდათ ოლიმპიური თამაშების დუალისტური არსი:

ერთი მხრივ, - საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველყოფა;

მეორე მხრივ, - ეროვნული ინტერესების დასაცავად ცალკეულ სახელმწიფოთა ჯანმრთელი ახალგაზრდობის აღზრდა.

ვფიქრობთ, არავისთვის  სადავო არ არის, რომ ჭიდაობა გახლავთ არაერთი ხალხის ეროვნული სახეობა, ორთაბრძოლა, რომელიც გამოხატავს ამ ხალხების რაინდულ სულს, დიდ ისტორიას, საამაყო ტრადიციებს. ამიტომაც, ჭიდაობისადმი უდიერი დამოკიდებულება ამ ხალხების მიერ აღიქმება როგორც ეროვნული სიამაყის ხელყოფა.  შედეგად უკვე მივიღეთ უძლიერესი საპროტესტო მუხტი, რომელიც გამოიხატა უდიდესი სპორტსმენების მიერ შიმშილობის გამოცხადებაში, ოლიმპიურ მედლებზე უარის თქმაში. არის საშიშროება, რომ ყოველივე ეს გადაიზრდება უფრო რადიკალურ და გაცილებით მასობრივ აქციებში.

 მსოფლიოს ხალხები ოლიმპიურ მოძრაობას შეჰყურებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გამაერთიანებელს, მშვიდობის შემომქმედს, არსებული კონფლიქტების შემწყვეტსა და მომავალში მათ არდამშვებს. ამის  მაგალითი იყო ორი ერთმანეთთან მებრძოლი სახელმწიფოს წარმომადგენელი ქალბატონების ურთიერთმილოცვა და გადახვევა 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ კვარცხლბეკზე.

 როგორც დიდი ჰუმანისტი ვიქტორ ჰიუგო ამბობს, მშვიდობა არის ცივილიზაციის სიკეთე, ომი კი - მისი დანაშაული. ხალხს სურს მშვიდობა. მშვიდობის გასაღები სახალხო დიპლომატიაშია. სახალხო დიპლომატიის ყველაზე ქმედითი იარაღი კი მსოფლიო ოლიმპიური მოძრაობაა. დასაფიქრებელია, რომ ჭიდაობასთან დაკავშირებულმა ამ არასასიამოვნო სიგნალმა გააერთიანა ის ქვეყნებიც კი, რომელთა გაერთიანება ვერ შესძლეს პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა.

ჩვენ გაგებით ვეკიდებით ოლიმპიური კომიტეტის სწრაფვას ახალი სახეობების დამკვიდრებით სიახლის ელემენტი შეიტანოს ოლიმპიურ მოძრაობაში, მაგრამ ამ სიახლეთა რეალიზება არ უნდა მოხდეს იმ დისციპლინათა ხარჯზე, რომლებიც თავად წარმოადგენენ ოლიმპიური მოძრაობის სიმბოლოს.

ჭიდაობა არის სპორტის ის სახეობა, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნიდან მოყოლებული დაანგრია ყოველგვარი რელიგიური საზღვრები და დღეს ყველა კონფესიის მიმდევართა შორის უდიდესი მხარდამჭერები ჰყავს.

ჭიდაობის ხელყოფა - ეს არის ანტიკური ელადის მიწაზე ანთებული ოლიმპიური ცეცხლის სიწმინდის ხელყოფა.

ვიტოვებთ იმედს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ჩვენს წერილს მიიღებს კეთილ მეგობართა გზავნილად და გაითვალისწინებს ერთა დიდი თანამეგობრობის მიერ  გამოთქმულ სურვილს ოლიმპიურ მოძრაობაში ჭიდაობის ღირსეულად დატოვების თაობაზე.

დიდად პატივცემულო ბატონო როგე,

ეს მიმართვა ფილა-ს სენატორების და მისი პრეზიდენტის ინიციატივით გაჟღერდა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის დახურვისას საქართველოს დედაქალაქ თბილისში... იმ ქვეყანაში, სადაც სპორტის კულტია, ჰყავთ ძლიერი ოლიმპიური ჩემპიონები, სადაც ჭიდაობა ისევე, როგორც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, ეროვნული ღირსების მატარებელია, იმ ქვეყანაში, სადაც ოდითგან პირველ სადღეგრძელოს სწორედ მშვიდობის სადღეგრძელოს სვამენ და სადაც სპორტი მშვიდობის სიმბოლოა.

ეს რომ ლიტონი სიტყვები არაა, სწორედ თბილისშიც დადასტურდა, როცა ერთმანეთის გვერდით იდგნენ ბედის უკუღმართობის გამო დროებით ურთიერთდაპირისპირებული ძმური ერების შვილები.

ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენს განწყობას დიდი მხარდაჭერა ექნება მთელს მსოფლიოში და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.

დაბოლოს, ბატონო როგე, ჭიდაობა რაინდობასთან არის გაიგივებული, ოლიმპიური კომიტეტის ისტორიაც რაინდულია და გადაწყვეტილებაც რაინდული უნდა იყოს. 

 გიდასტურებთ დიდ პატივისცემას და კეთილ განწყობას", - მიმართვას ხელს აწერენ: რეზო ამაშუკელი, ჭაბუა ამირეჯიბი, მერაბ ბერძენიშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, ლევან თედიაშვილი, რომან რურუა, ედუარდ შევარდნაძე, რეზო ჩხეიძე, დიმიტრი ჯაიანი, ჯემალ ჭკუასელი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46