ჩოჩელების ბიზნესჯგუფის კომპანიები პრემიერს მიცემული პირობის შესრულებას სთხოვენ

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 14:20

ჩოჩელების ბიზნესჯგუფში შემავალი კომპანიების - შპს "ბარამბო", შპს "მიქსორი", შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხანა" და სს "ქართული ლუდის კომპანიის" ლუდსახარში "ზედაზენი" საქართველოს პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ.

მიმართვაში ბიზნესმენები პრემიერს მის მიერ მიცემულ პირობას - ბიზნესის წახალისების და ზეწოლისგან გათავისფლების შესახებ ახსენებენ და მათი ბიზნესის თავისუფლად წარმოებაში ხელის შეუშლელობას ითხოვენ.

მიმართვის ტექსტს "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენი ბიზნეს-ჯგუფის სახელით გვსურს გაცნობოთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც შეგვექმნა ბოლო პერიოდის განმავლობაში. თუმცა მანამდე შეგახსენებთ ჩვენს ისტორიას, რომელიც წინა საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო დაბა ახალგორში შპს "ლომისის" დაფუძნებით. ეს იყო პატარა კომპანია, სულ რამდენიმე ასეული ბოთლის წარმადობით, მაგრამ ჩვენი დიდი ძალისხმევისა და უზარმაზარი შრომის შედეგად ვაქციეთ ისეთ წარმატებულ კომპანიად, როგორიც არის ლუდსახარში "ნატახტარი". იგი გახდა თავდაპირველად ახალგორის რაიონის, შემდეგში კი რეგიონის მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის ძირითად წყარო. 2007 წელს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა გვაიძულა მიგვეღო მისი გაყიდვის გადაწყვეტილება, შედეგად ჩვენ შემოვიყვანეთ საქართველოში ისეთი ცნობილი ბიზნეს ჯგუფი, როგორიცაა "EFES"-ის დამფუძნებელი "Anadolu Group". აღიარებულია, რომ ზემოაღნიშნული გარიგება იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მსხვილი კერძო ბიზნეს გარიგება. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და გადავწყვიტეთ, ჩვენ მიერ მიღებული თანხა მთლიანად წარმოებების განვითარებისაკენ მიგვემართა, რაც მოგეხსენებათ მეტად სარისკო გადაწყვეტილება იყო იმდროინდელი გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე. დავაარსეთ ახალი და ავაღორძინეთ ძველი წარმოებები:

• დავაფუძნეთ ამიერკავკასიის მასშტაბით უმსხვილესი საკონდიტრო ქარხანა "ბარამბო";

• დავიწყეთ გიფსო-კარდონის წარმოება და საქართველოში შემოვიყვანეთ საერთაშორისო ბრენდი "Knauf";

• შევქმენით სამშენებლო კომპანია "მიქსორი";

• ავაღორძინეთ "რკინაბეტონის შპალის ქარხანა", რომელიც ჩვენს მფლობელობაში გადმოსვლამდე სავალალო მდგომარეობაში იყო. ჩვენ მიერ ჩადებული ინვესტიციებისა და ეფექტური მენეჯმენტის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა წარმადობა და გამოშვებული პროდუქციის ხარისხი; ახალი დანადგარებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია რკინაბეტონის ანძების საწარმოო ხაზი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია ამიერკავკასიაში;

• ავაშენეთ აღმოსავლეთ ევროპაში ტექნოლოგიურად ერთერთი თანამედროვე ლუდის ქარხანა - "ზედაზენი", რომელმაც 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში განახორციელა დამატებით 6 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია და სულ ახლახან მსოფლიოში ცნობილ ბრენდ "Bitburger"-თან ერთად დაიწყო ახალი ლუდის წარმოება.

ზემოთ აღნიშნულ კომპანიებში ჩვენი ჯგუფი არის ძირითადი მოთამაშე და მმართველი, თუმცა ამ კომპანიების გარდა ჩვენ, როგორც მინორიტარები, ვმონაწილეობდით შპს "ინტერპლასტის" და შპს "ბერტას" დაფუძნებაში.

ჩვენ მიერ აშენებულ წარმოებებში უშუალოდ დასაქმებულია ათასობით ადამიანი, მათ შორის უმეტესობა დევნილია. ამ კომპანიების შექმნამ ასევე შეუწყო ხელი ადგილობრივ ბაზარზე სხვა კომპანიების ჩამოყალიბებას და გაძლიერებას, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აღწევს.

მიუხედავად ჩვენ მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა, ჩვენი ბიზნეს ჯგუფი აღმოჩნდა ზეწოლის ქვეშ. მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს:

• შპს "ბარამბოს" შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით, სრულიად უსაფუძვლოდ დაუყადაღდა უძრავი და მოძრავი ქონება. შედეგად კომპანია ვერ ღებულობს მონაწილეობას ტენდერებში, მოუწია დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შეჩერება (ჩიფსების, "სნეკების" და ყავის წარმოება, სადაც კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდებოდა), შეექმნა პრობლემები როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ მომწოდებლებთან.

• შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხანაში" ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღე შედიან სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოები, კერძოდ 19 მარტს შევიდა ფინანსური პოლიცია, 20 მარტს შევიდა შემოსავლების სამსახური, მაშინ როცა აღნიშნულ საწარმოში სულ ახლახანს, 2013 წლის 18 იანვარს დასრულდა ანალოგიური შემოწმება შემოსავლების სამსახურის მიერ და მას შემდეგ წარმოებას არ უმუშავია. ეს გასაკვირი ფაქტია კიდევ იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენივე მოთხოვნით ჩატარებული გვაქვს ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება “PriceWaterhouseCoopers”-ის მიერ, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, აუდიტორული კომპანიების მსოფლიო ოთხეულში შედის. ამავე კომპანიას სს "საქართველოს რკინიგზამ" კონტრაქტი შეუმცირა 20%-ით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ საკონტრაქტო პროდუქციის დიდი ნაწილი უკვე წარმოებულია და კომპანიის ტერიტორიაზეა დასაწყობებული. კომპანიის სხვა კონტრაქტორებმაც შეწყვიტეს პროდუქციის შესყიდვა, რის გამოც იძულებული გავხდით გაგვეჩერებინა წარმოება და შედეგად 200-მდე ადამიანი დარჩა უმუშევარი.

• ჩვენი პარტნიორებისგან გამუდმებით გვესმის, რომ მათ ასევე ექმნებათ პრობლემები სხვადასხვა უწყებებისგან თუ პიროვნებებისგან ჩვენთან ურთიერთობის გამო, რაც თავის მხრივ უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია.

• ასევე ამ ბოლო დროს ძალიან "პოპულარული" გახდა სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტირეკლამა.

ბატონო პრემიერო, თქვენ საკუთარი გამოცდილებიდან კარგად იცით, თუ რა მდგომარეობაშია ბიზნესი, როდესაც მას უსამართლოდ ებრძვიან. თუმცა ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენ მიერ აშენებული ქარხნებია, რომელთაც დღეს თქვენი თანადგომა სჭირდება, რათა მათ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს.

თქვენი დახმარების იმედს გვაძლევს თქვენი პირველი განცხადებები პრემიერის რანგში, რომელიც სწორედ ბიზნესის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლისგან გათავისუფლებასა და თავისუფალ გარემოში საქმიანობის ხელშეწყობას ეხებოდა. თქვენი ამ განცხადების შემდეგ დატებით 6 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ.

ჩვენ მიერ წარმოებული ყველა ბიზნესი არის გამჭვირვალე, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან, გვაქვს ახალი წარმოებების შექმნის და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის დიდი სურვილი, თუმცა ფონდის მხრიდან არ ჩანს არანაირი დაინტერესება ჩვენ მიმართ.

გვქონდა სურვილი, ჩვენი სათქმელი განგვეცხადებინა რომელიმე ბიზნეს შეხვედრაზე, რომელიც უკვე რამდენმეჯერ მოეწყო საქართველოს მთავრობის ინიციატივით, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ჯგუფის არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა მიწვეული აღნიშნულ შეხვედრებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკანასკნელი წლების განმავლობაში 9 მოქმედი ქარხნის აშენება შევძელით.

გვრჩება შთაბეჭდილება, ჩვენი "დანაშაული" მხოლოდ ის არის, რომ ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილი გუბერნატორია, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო პოლიტიკაში წასვლამდე.

გთხოვთ დაინტერესდეთ ჩვენი ჯგუფის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და აღმოგვიჩინოთ მხარდაჭერა ამ მეტად რთულ ვითარებაში, რათა საშუალება მოგვეცეს განვაგრძოთ საქმიანობა და კვლავაც შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში”, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც შპს "ბარამბოს" დირექტორი იაგო ჩოჩელი, შპს "მიქსორის" დირექტორი ლაშა ჩოჩელი, შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" დირექტორი ილია შიხაშვილი, სს "ქართული ლუდის კომპანია“ ლუდსახარში "ზედაზენის" დირექტორი ვასილ სულხანიშვილი აწერენ ხელს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46