შიდა ქართლის გუბერნატორი ახალ მავთულხლართებთან დაკავშირებით ოპონენტებს ღია წერილით მიმართავს

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 12:52

პრეზიდენტის რწმუნებული-გუბერნატორი შიდა ქართლში ანდრო ბარნოვი კონფლიქტის ზონაში გაჩენილ ახალ მავთულხლართებთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს ღია წერილით პასუხობს.

"ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"ამ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს ჩემს განცხადებაზე კონფლიქტის ზონაში გაჩენილ ახალ მავთულხლართებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამ კომენტარებში ერთი მცდელობაც არ გაკეთებულა, რომ დასმულ კითხვებზე პასუხი გაცემულიყო.

საზოგადოება ალბათ აკვირდება, რომ არასოდეს გამიკეთებია უსაგნო და პოპულისტური განცხადება, ყოველთვის ვცდილობ, ვისაუბრო საგნობრივად, კონკრეტულ პრობლემებზე და პროგრამებზე. ვერც კონფრონტაციულ რიტორიკაში დამადანაშაულებს, ვგონებ, ვინმე, ვერც იმაში, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობა ან თანამშრომლობა მიჭირს და ვერც იმას იტყვიან, რომ მთელი ჩემი შეგნებითა და მთელი გულით არ ვემსახურები საერთო საქმეს, რასაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა ჰქვია.

სამწუხაროდ, საპასუხო რეაქციები არა მარტო გაუგებარია, არამედ – სრულიად მიუღებელიც. მაგალითად:

1) ჩემს თხოვნაზე, რომ ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფში ჩავერთო, მინისტრ ზაქარეიშვილის პასუხი იყო, რომ გუბერატორის მავნე ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, ხოლო მისმა მოადგილემ განაცხადა, რომ ჯგუფის წევრობა საჯაროდ კი არ უნდა მომეთხოვა, არამედ – პირადად უნდა დავკავშირებოდი მათ და ასე მეცადა მიზნის მიღწევა.

მე მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ ხსენებული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა არ არის ჩემი კერძო ინტერესი და ამიტომ მოსალაპარაკებელიც არაფერი მაქვს. მე მომხრე ვარ ოპონენტთა შორის ღია სივრცეში ურთიერთობების და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი მიდგომაა. საერთოდ, თუ საიდუმლო ინფორმაციასთან არ გვაქვს საქმე, კულუარულ პოლიტიკას ჯობია მაქსიმალურად ავარიდოთ თავი. აქვე ვიტყვი, რომ არც კომუნიკაციას ვერიდები და ვაპირებ კიდეც, რომ პაატა ზაქარეიშვილს შევხვდე. ამას გარდა, მზად მაქვს ოფიციალური წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისადმი,სადაც ინციდენტებისპრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფში ჩართვას ვითხოვ.

ჩემი ეს სურვილი ნამდვილად არის საქმიანი და იმედი მაქვს, რომ სამუშაო ჯგუფში შიდა ქართლის გუბერნატორისა და მისი წარმომადგენლის ჩართვას ვიღაცის გაღიზიანება არ დაუდგება წინ.

2) ჩემს განცხადებაზე, რომ მავთულხლართები 2012 წელს გაჩნდა, მალევე შეჩერდა და ახლა ისევ განახლდა, ზაქარეიშვილის მოადგილემ განაცხადა, რომ მავთულხლართები 2012 წელს გაჩნდა. შეჩერებისა და რამდენიმე კვირის წინ განახლების თემა მინისტრის მოადგილეს დაავიწყდა. აქვე დავაზუსტებ, რომ რამდენიმე ადგილას მავთულხლართები არათუ 2012, არამედ – 2009 წელსვე გაჩნდა, მაგრამ ამას არ ჰქონდა მასშტაბური ხასიათი, როგორიც აქვს დღეს. მასშტაბური პროცესის დაწყების მცდელობა იყო 2012 წლის გაზაფხულზე, თუმცა როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ეს პროცესი მალევე შეწყდა და მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ განახლდა.

3) ჩემს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზაქარეიშვილის მოადგილემ არაკომპეტენტურობა უწოდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ არასწორ ინფორმაციას ვავრცელებ და ტყუილ აჟიოტაჟს ვტეხ.ეს სამწუხარო თავდასხმაა, რასაც ქალბატონი ქეთისგან ნამდვილად არ ველოდი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადამოწმებულია იმ ხალხთან, ვინც პროცესებში ოფიციალურად იყო ჩართული, ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივ ჟურნალისტებთან.

4) ჩემს განცხადებას იმის თაობაზე, რომ არსებულ პრობლემებზე ხელისუფლება თვალს ხუჭავს, ქალბატონმა ციხელაშვილმა უპასუხისმგებლობა უწოდა. ეს თავდასხმაც გაუგებარია, რადგან არ ვიცი, რა არის უპასუხისმგებლო იმაში, რომ დავსვათ კითხვები:

a. რატომ გვიმტკიცებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობებს აგვარებთ, თუ რუსეთი არათუ არ იცვლის, არამედ - ამძიმებს მის ქმედებებს?

b. რატომ მივესალმებით ჩვენი მოცეკვავეების ტურნეებს კრემლში, იმ პირობებში, როცა მოქალაქეების ისედაც დამძიმებულ პირობებს კრემლი კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის?

c. რატომ არ ვეუბნებით საზოგადოებას იმის შესახებ, რომ ერთი წლის წინ შეჩერებული პრობლემა დღეს განახლდა?

d. რატომ არ თმობენ რუსები მიტაცებული მიწის რამდენიმე მეტრს მაშინაც კი, როცა ეს პოლიტიკური კი არა, ჰუმანიტარული საკითხია, და იმ სიტუაციაში, როცა ურთიერთობის დარეგულირებაზეა საუბარი და რუსეთის ელემენტარულმა კონსტრუქციულობამ გზა შეიძლება გაუხსნას მოლაპარაკებებს, საზოგადოება კი დაარწმუნოს იმაში,რომ სიტუაციის დარეგულირებას აქვს შანსი?

e. საერთოდ, რატომ კეთდება ეს მავთულხლათები? თუ აქამდე გავძელით მათ გარეშე, რუსეთთან დამეგობრების მოიმედე ხელისუფლების პირობებში უფრო ადვილი არ უნდა იყოს მათ გარეშე ცხოვრება?

f. რა ნიშნები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნოდ, როცა ამბობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობას დაარეგულირებდა?

g. თუ რუსეთთან ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ამ კითხვებზე პასუხს გავლენა არა აქვს, მაშინ რა ჰქვია ამას, თუ არა თვალის დახუჭვა?

h. თუ ამ კითხვების დასმას უპასუხისმგებლობას ეძახით, მაშინ რას დაარქმევთ მათზე პასუხის გაუცემლობას?

მე მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს, მინდა დავარწმუნო ისინი, რომ არ ვარ მათი მტერი. პირიქით, პოლიტიკა კარგად რომ გესმოდეთ, ბატონებო და ქალბატონებო, მიხვდებოდით, რომ ამ განცხადებებითა და კითხვებით მე გეხმარებით, რომ რუსეთთან საუბრისას მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე კი არ აიღოთ, არამედ უთხრათ მათ, რომ თუ სიტუაციის დარეგულირების იოტისოდენა სურვილი მაინც აქვთ, ამ მარტივ დათმობებზე მაინც წავიდნენ, თორემ მთელი ეს თქვენი რიტორიკა, რომ მოსკოვთან საქმის დაჭერა შეგიძლიათ, მტკნარი სიცრუე აღმოჩნდება და ამას არც ოპოზიცია გაპატიებთ და არც საზოგადოება, რუსეთთან ურთიერთობები კი კვლავ ჩიხში შევა.

თქვენ კითხვებს კი არ უნდა აარიდოთ თავი, არამედ - ზურგი უნდა გაიმაგროთ ოპოზიციითაც და მთლიანად საზოგადოებითაც, თავად თუ გჯერათ, რუსებსაც უნდა დაანახოთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანას წარმოადგენთ და პასუხისმგებლობით ეკიდებით გაცემულ დაპირებებს.

თქვენ ქვეყნისათვის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ ეს კრიტიკა და თუ საქმეს გააკეთებთ, ჩვენ ჩვენს დამსახურებას მივიწერთ და თქვენ - თქვენსას. ცოტა მეტი ნდობა გვინდა, ბატონებო და ქალბატონებო, და ცოტა მეტი პროფესიონალიზმი მართლაც, თორემ მართლა დაგვემხობა თავზე ეს ქვეყანა", - ნათქვამია ღია წერილში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61