სათამაშო ბიზნესის მკაცრი შეზღუდვა მის არალეგალურ ფორმაში გადასვლას გამოიწვევს

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 18:37

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ არ ეთანხმება ცვლილებების იმ პროექტს, რომელიც პარლამენტარ კობა დავითაშვილის ინიციატივით „ლატარეების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლის შესახებ“ კანონებში უნდა შევიდეს.

ახალგაზრდა ფინანსისტები მხარს უჭერენ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ პოზიციას და მიიჩნევენ, რომ სათამაშო ბიზნესის რეკლამირების სრული აკრძალვა დაუშვებელია. მათივე განცხადებით, სათამაშო ბიზნესის მკაცრი შეზღუდვა მის არალეგალურ ფორმაში გადასვლას გამოიწვევს, რაც არსებულ რეალობას პირიქით უფრო დაამძიმებს.

გარდა ამისა, „აფბა“ თვლის, რომ ქვეყანაში ბევრი სხვა ისეთი პრობლემაა, რომლებსაც ადამიანი უკიდურეს მდგომარეობამდე და თვითმკვლელობამდეც მიჰყავს, ეს უკანასკნელი კი კანონპროექტის მიღების ერთ-ერთ მთავარ მოტივად დასახელდა.

"ჩვენდა საბედნიეროდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის თვითმკვლელობის ფაქტების რაოდენობით, ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და თვითმკვლელობის ყველაზე დაბალი დონის ქვეყნების ათეულშია. საქართველოში ყოველ 100 ათას ადამიანზე საშუალოდ 4.3 თვითმკვლელობა მოდის, მაშინ როდესაც თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ციფრი 11.8-ს შეადგენს, იაპონიაში 23.8-ს, ფინეთში, ესტონეთში, საფრანგეთში, კანადაში და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში 15-იან ნიშნულს სცდება. გარდა ამისა, აზარტული თამაშები, საერთოდ არ შედის იმ რისკ-ჯგუფების კატეგორიაში, რომლებიც თვითმკვლელობების მიზეზებად სახელდება. ასე რომ, შეფასება სათამაშო ბიზნესის და თვითმკვლელობების ფაქტების კავშირთან დაკავშირებით, ჩვენი აზრით, აშკარად გადაჭარბებულია. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტების არსებობას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ადამიანები თავს იკლავენ ასევე ბანკის კრედიტის ვერ გადახდის მიზეზითაც და ეს არ ნიშნავს, რომ საბანკო საქმიანობის რეკლამირება უნდა აიკრძალოს.

გვინდა შევეხოთ ბიზნესის ამ სახეობისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების ფაქტებსაც. კანონპროექტში სახელდება რამდენიმე მაგალითი, სადაც აზარტული თამაშები საერთოდ აკრძალულია, მაგრამ საუბარი არ არის მაღალგანვითარებულ ქვეყნებზე, სადაც მკაცრი რეგლამენტაცია არ არსებობს. მაგალითად აშშ-ც კმარა, სადაც 2011 წლის 20 სექტემბერს კანონში შეტანილი ცვლილებებით სათამაშო ბიზნესის მიმართ მიდგომები მკვეთრად შერბილდა.

აღსანიშნავი და ყურადსაღებია ის ტენდენციაც, რომ სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ეკონომიკის განვითარებასთან ერთად თავად მცირდება და ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ ეკონომიკის განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც საქართველო იმყოფება, თითოეული სამუშაო ადგილი და ბიუჯეტში გადახდილი თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია. ეკონომიკის განვითარების ტენდენცია სათამაშო ბიზნესის ადგილს და როლს თავად დაარეგულირებს და მისი ხელოვნური შეზღუდვა, ამ ეტაპზე, მოკლებულია ეკონომიკურ საფუძველს. ეს გამოიწვევს ბიუჯეტში, სოლიდური შენატანების შეწყვეტას და ამ სფეროში დასაქმებული ბევრი ადამიანის უმუშევრობას.

კანონპროექტის ფინანსურ დასაბუთებაში წერია, რომ მისი მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც, „აფბას“ აზრით, ასევე მცდარი შეფასებაა. სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ სანებართვო და სალიცენზიო მოსაკრებლის სახით 140 მილიონი ლარი შედის, რაც ხშირ შემთხვევაში მსხვილი სახელმწიფო უწყების ბიუჯეტის დაფინანსებასაც კი უდრის. გარდა ამისა, მნიშვნლოვანია სხვა ბიზნესის სათამაშო ბიზნესთან მიმართების ფინანსური მხარეც, მაგალითად სარეკლამო ბიზნესიც კმარა, რომელიც სათამაშო ბიზნესიდან ყოველწლიურად 15–18 მილიონი ლარის შეკვეთას ღებულობს.

გარდა ამისა, კანონპროექტის არსებული ფორმით ძალაში შესვლა და კანონად ქცევა, დიდ დარტყმას მიაყენებს სარეკლამო და სამაუწყებლო ბიზნესის იმ კატეგორიას, რომელიც სათამაშო ბიზნესის ტრანსლირებით არის დაკავებული.

მნიშვნელოვანია კანონპროექტის კიდევ ერთი მუხლი, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოსაწყობი ადგილის განსაზღვრის უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ანიჭებს. ეს გარემოება აბსოლუტურად არაპროგნოზირებად ხდის ვითარებას, ვინაიდან შესაძლოა რომელიმე თვითმმართველ ერთეულში შედარებით მიმზიდველი პირობები შეიქმნას სათამაშო ბიზნესისთვის, რის გამოც იმ რეგიონში შესაძლოა აღნიშნული ბიზნესის კონცენტრაცია გაიზარდოს. თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ეს პირობები ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს და ბიზნესის არსებობამ აზრი დაკარგოს. ამიტომ, ჩვენი აზრით, აუცილებელია, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილის საკითხი უნდა იყოს გამყარებული კანონით, რაც გარემოს გაცილებით პროგნოზირებადს და ამავე დროს კონტროლირებადსაც გახდის", - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.

„აფბა“ მხარს უჭერს „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ პოზიციას და პარლამენტს მოუწოდებს, დღეს არსებული სახით ცვლილებები დასახელებულ კანონპროექტებში არ შეიტანონ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51