პრემიერ-მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის ულტიმატუმის საპასუხოდ, ევროპული ღირებულებების პატივისცემისაკენ მოწოდებას ავრცელებს

, 17 მარტი, 2013 - 00:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის ულტიმატუმის საპასუხოდ, ევროპული ღირებულებების პატივისცემისაკენ მოწოდებას ავრცელებს სადაც ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის უსაფუძვლო კრიტიკასა და წინასწარ გამოტანილ ვერდიქტზეა საუბარი:

"დღეს საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა და შეშფოთება გამოთქვა ევროპის სახალხო პარტიის იმ პრესრელიზის და სამოქმედო გეგმის ტონისა და შინაარსის გამო, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ბრალად ედება დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა.

ეს არის სულ ახალი განცხადება იმ თავდასხმათა შორის, რომლებიც ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წევრისგან მოდის და ცხადჰყოფს პარტიულ მხარდაჭერას პრეზიდენტ სააკაშვილისადმი, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში სასტიკად დამარცხდა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეცვალოს სააკაშვილის არადემოკრატიული პოლიტიკა, მუდმივად მოჰყვება პრეზიდენტის გაღიზიანებული და არაკონსტრუქციული რეაქცია.

როგორც ჩანს, სააკაშვილის მოკავშირეები ევროპარლამენტში კონფრონტაციის ტაქტიკას არჩევენ, ამან კი, შეიძლება ძირი გამოუთხაროს სწორედაც იმ მიზნებს, რომელთა დაცვასაც ემსახურება ევროპარლამენტი, მაშინ, როცა ევროკავშირის ემისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგი დახმარებას უწევს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში.

ევროპის სახალხო პარტიის რეკომენდაციები სხვა არაფერია, თუ არა ნაციონალური მოძრაობის მიერ წაყენებული დაუსაბუთებელი ბრალდებების მთელი ნუსხა ახალი ფორმულირებით. ეს იმას ნიშნავს, რომ სახალხო პარტიას არ შესწევს უნარი, ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკური დასკვნები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, რომლებიც დაეფუძნება არაპარტიულ, სათანადოდ შესწავლილ და ადამიანის უფლებებზე დამყარებულ ანალიზს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვები ცდილობენ დაარწმუნონ საქართველოს ევროპელი პარტნიორები, რომ არანაირი საფუძველი არა აქვს სააკაშვილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველომ გადაუხვია დემოკრატიისაკენ მიმავალ გზას და დაშორდა ევროპულ სტანდარტებს. სინამდვილეში კი, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროსაბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს კმაყოფილება ხელისუფლების რეფორმებით, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა დემოკრატიული ნორმებისაკენ, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში ირღვეოდა ადამიანის უფლებები.

პრემიერ–მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მზად არის მიმართვით გამოვიდეს ევროპარლამენტში, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა სიტყვით მიმართოს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტს.

ამ დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა შემდეგი განცხადება:

„მე მესმის ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წევრის შეშფოთება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო. ჩვენ საქმე გვაქვს კოჰაბიტაციის რთულ პერიოდთან, მაგრამ ჩემი ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს სასიცოცხლო მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად.

2012 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეებმა ცალსახად უარყვეს წარსულის პოლიტიკა და კანონიერი სახე მისცეს ჩვენს პროგრამას ელიტარული კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აღმოსაფხვრელად.

ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს დაუჭერდენენ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ და პატივს ვცემთ – ეს არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და სამაგალითო მმართველობის ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.

მიუხედავად ამისა, საქმე ალბათ ისე არ ჩანს, როგორც სიტყვა. ძალიან ვწუხვარ, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთ პატივცემულ წევრს ურჩევნია უსაფუძვლოდ გვაკრიტიკოს და წინასწარ გამოიტანოს ვერდიქტი ჩემი, ჩემი მთავრობისა და ჩემი ხალხის წინააღმდეგ. ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირველესი მიზანია. სწორედ ამიტომ, მზად ვარ ნებისმიერი ევროპელი ოფიციალური პირის, პარლამენტის წევრისა თუ სხვა კრიტიკოსის მიერ გამოთქმულ საფუძვლიან ბრალდებას ვუპასუხო და მოვისმინო ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც დაგვეხმარება სტაბილური, დემოკრატიული საქართველოს აშენებაში.

ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, აგრეთვე ოპოზიციური პარტიის კონსტრუქციული ჩართულობით, ჩვენ შეგვიძლია, განვამტკიცოთ კავშირები და ურყევად განვაგრძოთ გზა ევროკავშირისკენ და ისეთი საქართველოსაკენ, რომელიც სტაბილურობის გარანტი იქნება კავკასიის რეგიონში.

მე გულწრფელად მივესალმები ევროპის სახალხო პარტიის მოწოდებას ყოვლისმომცველი დიალოგისკენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის, და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კრიტიკოსები გააცნობიერებენ, რომ არასწორად ესმით ჩვენი ხელისუფლების მოქმედებები და მოტივაცია. მჯერა, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ ისეთი სამოქმედო გეგმის შექმნას, რომელიც მაღალ ევროპულ სტანდარტებს დაეფუძნება და დაგვეხმარება კონსტრუქციულ თანამშრომლობაში, რათა მიღწეულ იქნეს ეს სტანდარტები საქართველოსა და, ზოგადად, ევროპის სასიკეთოდ“.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41