შსს-ში კადრების აყვანის გამარტივებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ ეთანხმება

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 16:20

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შსს-ს მინისტრს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით მიმართვს, რომელიც შსს-ში კადრების აყვანის პროცედურის დროებით გამარტივებას გულისხმობს.

"ჯეონიუსი" არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის #39 ბრძანებით შეიცვალა პოლიციაში ზოგიერთი საკადრო საკითხის მარეგულირებელი წესი და შესაძლებელი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაურის ან უფრო მაღალი თანამდებობის პირის, ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსის ან უფროსის მოადგილის, დეტექტივ-გამომძიებლის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მესაზღვრე-კონტროლიორისა და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსების გავლის გარეშე პირთა დანიშვნა ან დაწინაურება.

აღნიშნული წესის ცვლილება პირის პოლიციის თანამშრომლად ყოველგვარი წინასწარი მომზადების და სათანადო გამოცდის გარეშე დანიშვნის ან დაწინაურების შესაძლებლობას წარმოქმნის. მინისტრის ბრძანება ძალაშია 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება შეზღუდული პერიოდით მოქმედებს, იგი წარმოქმნის მნიშვნელოვან რისკებს. კერძოდ, არსებობს საფრთხე, რომ პოლიციაში ამ პერიოდში თანამდებობებზე დაინიშნონ პირები, ვინც არ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

ასევე, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ შეიძლება გამხდარიყო საჭირო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და გადამზადების კურსების გავლაზე დროებით უარის თქმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მიმართა შს მინისტრს კითხვით თუ რამ განაპირობა აღნიშნული ბრძანების გამოცემა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის 7 მარტის წერილით პასუხი გასცა ორგანიზაციის შეკითხვებს. წერილში აღნიშნულია, რომ სამინისტროს სისტემაში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს, კრიმინალურ პოლიციას შეუერთდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდი), ამასთან სოდ-ში აუცილებელი არ იყო სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების გავლა. შსს-ს განმარტებით, საგანმანათლებლო პროგრამების გავლა მოითხოვდა გარკვეულ დროს და პრობლემებს ქმნიდა საშტატო რიცხოვნობის შევსების კუთხით. შსს-ს წერილში საუბარია, ასევე, საპატრულო პოლიციის პატრულირების ზონების გაფართოვებაზე და დამატებითი გაძლიერებული ეკიპაჟების აუცილებლობაზე, რაც მოითხოვდა გადაუდებელი და ქმედითი ზომების მიღებას. წერილში, ასევე, საუბარია იმაზე, რომ სამინისტრომ ჩაატარა ტესტირება, რომლის მიზანიც იყო სამინისტროს მოსამსახურეთა ცოდნის, კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და მომზადების დონის შეფასება. აღნიშნული ტეტირების საფუძველზე კი უკვე იგეგმება მოსამსახურეთა ინტენსიური გადამზადება. სამინისტრო წერილში, ასევე, აღნიშნავს, რომ მინისტრის #39 ბრძანება სრულად შეესაბამება კანონს.

 ორგანიზაცია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხის დროულად მოწოდებისთვის და მინისტრის ბრძანების განმარტებისთვის.

სამინისტროს პოზიციის მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური კურსები და საგანმანათლებლო პროგრამები ემსახურება როგორც პროფესიული უნარებისა და ცოდნის ამაღლებას, ისე კვალიფიციური კადრების ობიექტურ შერჩევას. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსებზე ერთიანად უარის თქმით კი დროებით გაუქმებულია შერჩევის ობიექტური წინაპირობები, რაც ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებისა და ნეპოტიზმის რისკებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიესალმება სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა გარკვეულმა ნაჩქარევმა ქმედებებმა ზიანი მიაყენოს რეფორმის მიმდინარეობის პროცესს ან არ მიიყვანოს რეფორმა დადებით შედეგამდე. პოლიციელთა სწავლების პროგრამა რეფორმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ პოლიციის რეფორმასთან ერთად უნდა მოხდეს საგანმანათლებლო პროგრამების განახლებაც. აღნიშნული პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ ზიანი არ მიადგეს სამინისტროს საქმიანობის ხარისხს, საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვები ან ნეგატიური დამოკიდებულება მიმდინარე რეფორმის მიმართ, არ წარმოიქმნას ნეპოტიზმის რისკები და არ მოხდეს თანამდებობისთვის შეუსაბამო პირების სამინისტროს მოსამსახურეთა რიგებში ჩარიცხვა."

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51