იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა მოსამართლიდან მხოლოდ ერთი აკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს - თეა წულუკიანი

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 14:51

შეხვედრის მიზანი იყო ერთმანეთში გაგვერკვია, ვინ როგორ კითხულობს ვენეციის კომისიის დასკვნას, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, კოტე კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 წულუკიანის თქმით, მათ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა აქვთ.

"ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გვაქვს ერთნაირი ხედვა. ეს არის მედიასაშუალებების მიერ ვიდეოჩანაწერების და ტრანსლირების გაკეთებასთან დაკავშირებით კონკრეტული ცვლილებების შეტანა არსებულ კანონმდებლობაში, რომ მოსამართლემ შეძლოს ერთი მხრივ, მედიას გაუხსნას სასამართლო პროცესი, მაგრამ მეორეს მხრივ, თვითონ არ დაზიანდეს თავის საქმიანობაში. ამ მხრივ, ჩვენი პროექტი დაზუსტდება", - აცხადებს წულუკიანი.

მისი თქმით, გარდა ამ საკითხისა, ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ თავმჯდომარე მოსამართლეებს მოსამართლეთა კონფერენციაზე კენჭისყრის უფლება ექნებათ. მისივე ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრო რვა მოსამართლესთან დაკავშირებით თავის პოზიციაზე რჩება.

"მივიჩნევთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრი მოსამართლიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იქნას შენარჩუნებული, რადგან მხოლოდ ის აკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს, დანარჩენები კი უნდა იქნენ თავიდან არჩეული. ამის შესახებ ბატონ კუბლაშვილთან გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა შეხვედრა შეაფასა, როგორც კონსტრუქციული და მშვიდობიანი. როგორც მან აღნიშნა ისინი ერთ პრინციპულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

"როგორც გითხარით, ერთ პრინციპულ საკითხზე, რომელიც რვა მოსამართლის გადარჩევის საკითხს შეეხება, რჩება აზრთა სხვადასხვაობა", - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის და კოტე კუბლაშვილის შეხვედრა დღეს დილით შედგა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46