ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი საგატროლოდ ბეირუთში მიემგზავრება

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 14:27

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი 17 მარტს საგასტროლოდ ლიბანში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ალ ბუსტანის მუსიკისა და ხელოვნების მე-20 საერთაშორისო ფესტივალში.

ფესტივალი, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო, 19 თებერვალს დაიწყო და 27 მარტამდე გასტანს.

გასული წლების წარმატების დასტურია ახლანდელი მიწვევა. ამჯერად, ორკესტრი სამ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. 23 და 25 მარტს აჟღერდება ვერდის “რეკვიემი”, რომელშიც ცნობილ ქართველ მომღერალთან მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძესთან ერთად იმღერებენ სოპრანოები _ კრისტინა ნასიფი (23 მარტი), ჯოის ელ ხური (25 მარტი), ტენორი დარიო შმუნკი, ბანი მიგელე ბიანჩინი. ამ მომღერლებს თბილისის ოპერის თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პარტნიორობას გაუწევენ ლიბანის ეროვნული კონსერვატორიის, ანტონინისა და ნოტრდამის უნივერსიტეტების გუნდები.

 27 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობას მიიღებს ალ ბუსტანის მე-20 საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით გალა-კონცერტში, რომლის პროგრამით აჟღერდება ფრაგმენტები ვერდის ოპერებიდან: “აიდა”, “რიგოლეტო”, “ერნანი”, “სიცილიური მწუხრი”, “ლუიზა მილერი”, “კორსარი”, “ობერტო, სან ბონიფაჩოს გრაფი”, “ბედის ძალა”, “ტრავიატა”. ზემოთ აღნიშნულ მომღერლებთან ერთად გალა-კონცერტში ასევე იმღერებენ სოპრანო მარტინა ზადრო და ბარიტონი ოზრენ ბილუსიკი.

სამივე კონცერტის დირიჟორი იქნება თბილისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი და ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი ჯანლუკა მარჩანო.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58