დავით უსუფაშვილი კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ხელშეწყობის ფონდში მოხსენებით წარსდგა

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 13:49

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში კარნეგის ცენტრში საჯარო მოხსენებით წარსდგა თემაზე: "მმართველობა და დემოკრატიული რეფორმები საქართველოში“.

დავით უსუფაშვილმა ისაუბრა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, ახალი ხელისუფლების მიერ სხვდასხვა სფოროში დაწყებულ რეფორმებზე, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, კოჰაბიტაციის პროცესზე და დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ექსპერტების შეკითხვებს უპასუხა.

"აშკარაა, რომ გარკვეული არხებით არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა დაინტერესებულ პირს განვუმარტეთ მათთვის საინტერესო საკითხები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დავით უსუფაშვილმასაპარლამენტო დელეგაციის წევრებთან: თედო ჯაფარიძესთან და ირაკლი ჩიქოვანთან ერთად დღესვე რამდენიმე შეხვედრა კონგრესში გამართა. ქართველი პარლამენტარები კონგრესმენებს: ჯონ გარამენდის, სანდერ ლევინს, დევიდ პრაისს, ტედ დოიჩს დასენატორ კარლ ლევინს შეხვდნენ. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გარდა შეხვედრების ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო სავაჭრო ურთიერთობების გარღმავება და ამერიკული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა.

"ამ საკითხებით საკმაოდ დიდი დაინტერესებაა კონგრესმენთა მხრიდან. რამდენიმე მათგანმა ძალიან კონკრეტული მიმართულებები გამოკვეთა სოფლის მეურნეობის სფეროში. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ კიდევ უფრო დაინტერესდნენ იმით, რომ აქაურმა ბიზნესმენებმა საქართველოში საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ და განვითარდნენ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტი დელგაციის წევრები მიწვეული იყვნენ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით გამართულ საქმიან სადილზე. სადილზე ასევე იმყოფებოდა აშშ-ს ყოფილი ოთხი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მათ შორის ჯონ ბასი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში ამჟამად საპასუხისმგენლო თანამდებება უკავია. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ში ვიზიტის დროს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია -ამერიკელ პარტნიორებს მიაწოდა მეტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და უკეთ აჩვენა საქართველოს როლი რეგიონში. ,,რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში, ვაშინგტონში ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზიტი მაღალ დონეზე ჩატარდა. შეხვედრების დროს ჩვენმა დელეგაციამ, პირადად პარლამენტის თავმჯდომარემ შესძლო ამერიკელ პოლიტიკოსებს უფრო კარგად გაეგოთ რა მოხდა საქართველოში. რაც მთავარია, ჩვენ შევძელით დაგვენახებინა ამერიკელი პარტნიორებისთვის საქართველოს პერსპექტივა, როგორც პარტნიორის იმ მეტად რთულ რეგიონში, რომელსაც სამხრეთ კავკასია ჰქვია. ამ ვიზიტსძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება არა მარტო იმ კუთხით,თუ როგორ უყურებენ ამერიკელები დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, არამედ თუ რამდენად ჩაჯდება საქართველო აშშ-ის უკვე ახალი ადმინისტრაციის -პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმებში“,-განაცხადა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59