უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 20:46

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”თქვენი უფლებებისათვის” სპიკერმა და უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე დისკუსიებზე, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესსა და შემადგენლობას. გიორგი თევზაძის განცხადებით, ვენეციის კომისიამ შედარებით დაბალანსებულ ვარიანტს დაუჭირა მხარი.

უფლებადამცველის განცხადებით, კრიტიკული შენიშვნები არსებობს როგორც დღეს მოქმედ რედაქციის, ასევე მთავრობის მიერ შემოთავაზებული რედაქციის მიმართ.

„დღეს მოქმედი რედაქცია აშკარად დაუბალანსებელია, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს არასახარბიელო ვითარებას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიმართ. საზოგადოებაში უსამართლობის განცდაა და ამაში დიდი წვლილი სასამართლოში საქმის განხილვებზე დაფიქსირებულ არაჯანსაღ ვითარებას უკავშირდება. განსაკუთრებით გამოკვეთილია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეებზე, სადაც სასამართლო დამოუკიდებლობა თითქმის მხოლოდ კოდექსის ფურცლებზე არსებობს. არანაკლებ საგანგაშო ვითარებაა სამოქლაქო წესით განხილულ ისეთ საქმეებზეც, ამ ვითარების შეცვლის ერთადერთი გამოსავალი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ახალი რეგულაცია წარმოადგენს. ეს იქნება გამოსავალი შექმნილი ჩიხური ვითარებიდან“, - განაცხადა თევზაძემ.

მისივე განცხადებით. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ჯგუფები ნაკლებად ცდილობენ ამ მნიშვნელოვან პროცესებში არასამთავრობო სექტორის და სპეციალური პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები ჩართონ და მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე და ობიექტური.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს სასამართლო ორგანოების თვითმმართველ სუბიექტს, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია საბჭოს შემადგენლობაში ყველა იმ სუბიექტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს მართლმსაჯულებასთან, მათ შორის, ადვოკატთა ასოციაციიდან და უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორიდან. ეს ჩართულობა ხელს შეუწყობს მეტ დაცულობას მიკერძოებული მართლმსაჯულებისაგან და მეტ გამჭვირვალობას. არც ოპოზიციის მხრიდან და არც მთავრობის მხრიდან დაბალანსებული ვარიანტი საზოგადოებისათვის ჯერჯერობით შემოთავაზებული არ ყოფილა. მართალია, ვენეციის დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, თუმცა დასკვნაში არის მთელი რიგი მინიშნებები, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის ჩართულობას და მნიშვნელოვან როლს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების პროცესში“, - აცხადებს თევზაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”თქვენი უფლებებისათვის” გეგმავს აქტიურ მონაწილეობას ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც უკავშირდება სამუშაო შეხვედრებს და დისკუსიებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან დაკავშირებულ ახალი რეგულაციების განხილვაში და აპირებს შესაბამისი რეკომენდაციების შეთავაზებას.

ასევე, კოალიცია ”თქვენი უფლებებისათვის” გეგმავს შესრულებული სამუშაოების შედეგების და კვლევის მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისათვის. კოალიცია მიმართავს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ავტორს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რათა კოალიციას ”თქვენი უფლებებისათვის” მიეცეს შესაძლებლობა აქტიური მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ დისკუსიებში და წარმოადგინოს თავისი ხედვა განსახილველ საკითხებზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46