მეგის ქარდავას კიდევ ერთი ბრალი წარედგინება

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 14:20

სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელ მეგის ქარდავას კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა,  პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 21 ივლისს მეგის ქარდავას უკანონო დავალებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირველი რეგიონალური სამმართველოს უფროსმა თორნიკე გუნავამ, ამავე სამმართველოს ოპერატიულ-საგამოძიებო განყოფილების უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებლებმა: ალექსანდრე კუჭუაშვილმა და მერაბ მეტრეველმა, ოპერატიულ-საგამოძიებო განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა მამუკა წურწუმიამ, სამეგრელო-ზემო სავანეთის სამხარეო პოლიციის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებელმა გიორგი სამუშიამ, კოხტა კოდუამ და სხვა პირებმა ზუგდიდის რაიონში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება აფხაზეთიდან დევნილ გ. ჩ-ს. მეგის ქარდავას ბრძანებით, ზემოხსენებული პირები გ.ჩ-ს აიძულებდნენ ეღიარებინა, თითქოს რუსების დავალებით ფულის სანაცვლოდ ზუგდიდში უნდა გადმოეტანა ბომბი, რაზეც მიიღეს კატეგორიული უარი.

ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, მეგის ქარდავას დავალებით გ. ჩ. ავტომანქანით გადმოიყვანეს ზუგდიდიდან თბილისში და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მესამე სართულზე N308-ე ოთახში ხელბორკილით მიაბეს საწოლზე.

მეგის ქარდავა, თორნიკე გუნავა, ალექსანდრე კუჭუაშვილი, მერაბ მეტრეველი, მამუკა წურწუმია, გიორგი სამუშია, კოხტა კოდუა და სხვები ხელბორკილით საწოლის სახელურზე მიბმულ გ.ჩ-ს სცემდნენ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და აიძულებდნენ ეღიარებინა რუსების დავალებით ფულის სანაცვლოდ ზუგდიდში ბომბის გადმოტანა და შპიონაჟში იმ პირების დადანაშაულება, რომლებსაც თავად დაუსახელებდნენ.

2012 წლის 25 ივლისს, გ. ჩ-მ მოახერხა ხელბორკილებისაგან გათავისუფლება და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის N308-ე ოთახის ფანჯრიდან გადახტა. გ.ჩ. თავით დაეცა სამსახურებრივ ავტომანქანას, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ქარდავას დავალებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ. ჩ. გადაიყვანეს გორში და სამხედრო ჰოსპიტალში გამოგონილი ფსევდონიმით მოათავსეს, სადაც ის 2012 წლის 25 ივლისიდან 8 აგვისტომდე საწოლზე ხელბორკილით მიბმული ჰყავდათ. 2012 წლის 8 აგვისტოს გ. ჩ. თორნიკე გუნავამ, მამუკა წურწუმიამ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა თვალებახვეული და ხელბორკილდადებული იძულებით გამოიყვანეს სამხედრო ჰოსპიტლიდან და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ იგი გადასცეს ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებს, რომლებმაც ხელბორკილით დაბმული მოათავსეს მიწურში, სადაც 2012 წლის 14 აგვისტომდე ჰყავდათ დამწყვდეული.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულები და დაკავებულები არიან თორნიკე გუნავა, ალექსანდრე კუჭუაშვილი, მამუკა წურწუმია, მერაბ მეტრეველი. ასევე, გიორგი სამუშიას და კოხტა კოდუას ბრალი წარედგინათ დაუსწრებლად.

ხათუნა პაიჭაძის თქმით, მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს წინაშე უკვე იშუამდგომლა დასახელებულ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. რაც შეეხება მეგის ქარდავას, მას უახლოეს პერიოდში წარედგინება დაზუსტებული ბრალდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5