"ქართული არმიის საწვავი "ნაციონალური მოძრაობისთვის" - ვაკო ავალიანი

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 16:09

წინასაარჩევნო პერიოდში, სამეგრელოს რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის საწვავის მიწოდება უკანონოდ ხდებოდა.

ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

2013 წლის 29 იანვარს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის საგამოძიებო განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება–გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიების მიერ ამოღებულია სამხედრო მოსამსახურეთა მიერ ნაწარმოები ე.წ „შავი უწყისები“ და ზედდებულები, რომელთა მონაცემების მიხედვით, II ქვეითი ბრიგადის მიერ მიღებული საწვავის საერთო რაოდენობიდან 12 315 ლიტრი დიზელის საწვავი და 11 365 ლიტრი ბენზინი უკანონოდ გაიცა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ავტომანქანებზე, რითაც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტმა განიცადა 58 536 ლარის ზარალი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის იმდროინდელმა უფროსის მოადგილემ გიორგი კალანდაძემ სიტყვიერი ბრძანებით, შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალს გიორგი კერესელიძეს დაავალა, II ქვეითი ბრიგადის მეთაურისთვის ზვიად გაგუასთვის, მოთხოვნის შესაბამისად დიზელისა და ბენზინის საწვავი მიეწოდებინა. საწვავი უნდა მიეწოდებინათ მუხიანის საწვავ-საპოხი მასალების ბაზიდან ამავე ბაზის ბენზინმზიდებით, რომლებიც აღჭურვილი იქნებოდნენ საწვავის მრიცხველებით და ავტომანქანის ავზში ბენზინის ჩასასხმელი მოწყობილობით. მძღოლები უნდა ყოფილიყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული და ჩამორთმეული უნდა ჰქონოდათ სამსახურეობრივი მოწმობები. მანქანებზე დამაგრებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო ოპერატიული ნომრები და მათ მოხსნილი უნდა ჰქონოდათ სამხედრო ტრანსპორტისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, რათა მოსახლეობას აღექვა, როგორც სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებები.

ბრძანების შესრულებზე კონტროლს დაავალა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის უფროსი დავით ლაზვიაშვილი ახორციელებდა. იგი ზ. გაგუას უკავშირდებოდა და საწვავის სენაკში გაგზავნის თაობაზე, დავალების მიღების შემდეგ, მითითებას აძლევდა მუხიანის ბაზის მეთაურს ღენტორ მელაძეს. მან II ქვეით ბრიგადაში 2012 წლის 22, 26 და 28 სექტემბერს დაახლოებით 22 000 ლიტრი ბენზინი და 14 600 ლიტრი დიზელის საწვავი გააგზავნა.

ბრიგადის მეთაურმა ზ. გაგუამ მუხიანის ბაზიდან მიღებული საწვავი, დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, გაფლანგა და სამეგრელოს რეგიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე გასცა, რათა მათ შეძლებოდათ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე ტრანსპორტით გადაადგილება.

უკანონოდ გაიცა:

- 8 სექტემბერს, ბრიგადის საცავებში შენახული დიზელის საწვავი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაქირავებულ 14 მიკროავტობუსზე - 839 ლიტრი;

- 23 სექტემბერს, 227 სატრანსპორტო საშუალებაზე - 6 800 ლიტრი დიზელი და 1 750 ლიტრი ბენზინი;

- 28 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირის ავტოგასამართი სადგურიდან - 4 020 ლიტრი დიზელი და 11 000 ლიტრი ბენზინი;

- 30 სექტემბერს, 45 ავტომანქანაზე - 3 370 ლიტრი ბენზინი.

8, 23, 28 და 30 სექტემბერს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მათი მხარდამჭერები სამეგრელოს რაიონებში ატარებდნენ მიტინგებს და აქციებს, ზ. გაგუას მითითებით მუხიანის ბაზაზე რიცხული ავტომანქანები ქ.ზუგდიდში, ქ.ხობში იდგნენ და ნაციონალური მოძრაობის მიერ მობილიზებულ სატრანსპორტო საშუალებებს შეუფერხებლად უკანონოდ აწვდიდნენ საწვავს.

ქ.ზუგდიდში საწვავის გაცემას ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კოხტა კოდუა, ხელმძღვანელობდა, ხოლო ხობში - კუდ-ის პირველი მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი დიმიტრი ჭაკუა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, 2012 წლის 25 ოქტომბერს, II ქვეითი ბრიგადის შტაბის G-4-ის უფროსის მ.შ. მაიორ გოგოლაძის, მომარაგების საწყობის უფროსი სამმართველის სერჟანტ ნოდარ დიასამიძის და S-4-ის განყოფილების სპეციალისტის სერჟანტ თამაზ შეყრილაძის მიერ, საწვავის გადაცემის ყალბი ცალმხრივი აქტი შედგა. აქტის თანახმად, 2012 წლის 28 სექტემბერს, 11 080 ლიტრი ბენზინის საწვავი შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს გადაეცა. წინამდებარე აქტს თანდართული აქვს სამი ზედდებული საწვავის კონკრეტულ პირებზე გაცემის შესახებ. ზემოაღნიშნული ყალბი აქტი II ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ზვიად გაგუამ დაამტკიცა.

გამოძიების პროცესში დაკითხულმა მუხიანის საწვავ-საპოხი მასალების ბაზის მძღოლებმა გოგიბერიძემ, პატარაიამ და გოგონაძემ დაადასტურეს, რომ 2012 წლის 22 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე სენაკში დიზელისა და ბენზინის საწვავი მათზე გაფორმებული ავტომანქანებით რამდენჯერმე გადაიტანეს. ბრიგადის ხელმძღვანელთა მითითებით, ბრიგადის ტერიტორიიდან საწვავი სხვადასხვა ტერიტორიებზე (ხობის ცენტრალურ სტადიონზე, ხობის ყოფილი ასფალტის ქარხნის ეზოში, კერძო პირის ბენზოგასამართ სადგურზე და სხვა) გაჰქონდათ და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტთა ავტომანქანებზე გასცემდნენ. აღნიშნულს ბრიგადის სერჟანტები - შეყრილაძე და ფუთკარაძე ,,შავ უწყისებში“ ასახავდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეყრილაძე და ფუთკარაძე საწვავის გაცემას მოქალაქეთა პირად ავტომობილებზე ბრიგადის ტერიტორიის გარეთ ახდენდნენ, მათ შორის სხვა ქალაქებშიც (ხობი, ზუგდიდი). ხოლო ნ.დიასამიძე ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული ავზებიდან საწვავს უკანონოდ გასცემდა.

მოწმის სახით დაკითხულია დაახლოებით 400 პირი. მათ შორის, 300-ზე მეტი მძღოლი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრთა დავალებით, 2012 წლის სექტემბრის თვეში ისინი სამეგრელოს რეგიონში იყვნენ მობილიზებული და აქტივისტები ერთი ღონისძიებიდან მეორეზე გადაჰყავდათ. ისინი საწვავს იმ ბენზინმზიდებიდან ასხამდნენ, რომლებიც ზ.გაგუას დავალებით იყო გაგზავნილი.

ქვეითი ბრიგადის იმდროინდელი მეთაური ზვიად გაგუა აღნიშნული დროისათვის იყო მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული - პრობაციონერი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილებისათვის.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43