გიორგი დგებუაძეს, იგივე "მასტერას" პროკურატურამ ბრალი წაუყენა

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 16:40

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი დგებუაძეს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

 გიორგი დეგბუაძეს (მასტერას) ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ორგანიზება. "ჯეონიუსი" მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს მთავარ პროკურატურაში დასრულდა გამოძიება გიორგი დგებუაძის საქმეზე. გიორგი დეგბუაძეს("მასტერას") ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ორგანიზება.

გიორგი დგებუაძე 2010 წლის 15 სექტემბრიდან იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსი. 2011 წლის 4 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატიულმა მორიგემ თ. ა-მ თავისივე ხელმძღვანელს ჯემალ ძლიერიშვილს განუცხადა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით კავშირი ჰქონდა რუს სამხედრო მაღალჩინოსნებთან, რომლებთან ერთადაც საბჭოთა კავშირის დროს უკრაინაში იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს. აღნიშნული გარემოება საეჭვოდ იქნა მიჩნეული და საკითხში გარკვევის მიზნით, იმავე დღეს იგი მიყვანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში. სადაც ამავე სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დგებუაძემ მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, ლაშა მინდაძეს და პლატონ სხულუხიას დაავალა, ნებისმიერი საშუალებით, თემურ ამირანაშვილისგან მიეღოთ ინფორმაცია რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსმა ლაშა მინდაძემ, თემურ ამირანაშვილი ხელბორკილით მიაბა გათბობის მილზე ისე, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდა დაჯდომის და გადაადგილების საშუალება, დაემუქრა, რომ ძილის დროს თითქოს მოახდინეს მისი გაუპატიურება და თუ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას არ აღიარებდა, გაუპატიურების ამსახველ ფოტოსურათებს გაავრცელებდა მის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. მანვე თ.ა. აიძულა თავისი ნების სააწინააღმდეგოდ მდგარიყო ბრძანება "სმენა"-ზე და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა, ხოლო სამმართველოს ოპერატიულ მუშაკებს ბესარიონ ჯაჭვლიანს და დავით ფიფიას, დაავალა არ მიეცათ თ. ა-სთვის დაჯდომის და ძილის საშუალება. თ. ა-ს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, პატივისა და ღირსების შელახვა და წამება გაგრძელდა 2011 წლის 04 იანვრიდან ამავე წლის 08 იანვრის საღამომდე.

გიორგი დგებუაძეს კანონით დადგენილი წესით წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით; 25-ე, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით; 25-ე, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"; "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46