საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორი საინფორმაციო პოლიტიკაში ჩარევას უარყოფს

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 11:38

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის განცხადებით, ხათუნა ბერძენიშვილი თავის თანამდებობაზე საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს, რადგან ასეთი თანამდებობა 1 მარტიდან აღარ არსებობს. ამის შესახებ ბარათაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბარათაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ხათუნა ბერძენიშვილს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დარგში მრჩევლად გადასვლაზე, რაც, მისივე თქმით, უფრო მაღალი თანამდებობაა და მისი დაწინაურება იქნებოდა.

რაც შეეხება ფულის შეთავაზებას და ზეწოლაზე ბრალდებებს, ბარათაშვილი განმარტავს, მსგავსი რამ არ ყოფილა და არც პრემიერის ბრიფინგების გაშუქებასა და არც წულუკიანთან დაკავშირებით მასთან საუბარი არ ჰქონია, "გაოცებული დავრჩი, საინფორმაციო პოლიტიკაში არასოდეს ჩავრეულვარ. ჩვენი საუბრის ერთადერთი თემა იყო 8 თებერვლის მოვლენები, როცა პარლამენტის თავმჯდომარის საგანგებო ბრიფინგი 7 წუთით ადრე გამოიყვანეს ეთერიდან. სხვა თემა ბორდზე არ განგვიხილავს", - აღნიშნა ბარათაშვილმა.

ბარათაშვილის განცხადებით, თუ ხათუნა ბერძენიშვილი ახალ, ერთწლიან კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, მას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ ექნება, საინფორმაციო სამსახურის უფროსად კი ორშაბათს შიდა კადრებიდან, ჟურნალისტებიდან მოვალეობის შემსრულებლად ვინმე დაინიშნება.

ხათუნა ბერძენიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ გუშინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბერძენიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებას მაუწყებლის ეთერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს და გენერალური დირექტორი პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა.

ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს მიმართავს, აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ და ვიდრე სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59