თავდაცვის მინისტრმა მარნეულის საავიაციო ბრიგადა მოინახულა

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 17:15

მარნეულის საავიაციო ბრიგადაში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებთნ ერთად იმყოფებოდა. სამხედრო საავიაციო ბაზა ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და მისმა მოადგილემ, ბრიგადის-გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ დაათვალიერეს.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლები პარლამენტარებთან ერთად ადგილზე გაეცნენ საავიაციო ბრიგადაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და სამხედრო მფრინავების საცხოვრებელ პირობებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შეიარაღებული ძალების ელიტარული ნაწილი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველაზე საშინელ მდგომარეობაშია. ბაზაზე მცხოვრებ სამხედრო მფრინავებს სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, შენობა-ნაგებობების მიმდებარე ტერიტორია არ არის ასფალტირებული, რაც სამხედრო მოსამსახურეების მიერ ფიზიკური ვარჯიშების ნორმალური ჩატარების საშუალებას არ იძლევა. ყაზარმებში არსებული ხის ფანჯრები ამორტიზებულია, კედლები დაზიანებულია, ხოლო ხის იატაკი ადგილებში - ჩავარდნილი; მწყობრიდან გამოსულია ხელის საბანი ონკანები, ნიჟარები, საშხაპეები, არ ხდება ფეკალური მასის გატარება, რაც ანტისანიტარულ გარემოს ქმნის.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას დავალებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, სამხედრო მოსამსახურეთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა. სამუშაო ჯგუფმა უკვე შეისწავლა სამხედრო ნაწილებში არსებული პრობლემები და ჯარისკაცებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად, რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმა შემუშავდა.

„მსოფლიოს მასშტაბით სამხედრო ავიატორები, სამხედრო ავიაცია არის ელიტარული. მათი საცხოვრებელი პირობები, სამუშაო პირობები განსაკუთრებულად კარგია. დღეს, ამ ბაზაზე რაც ვიხილეთ, კომენტარს არ საჭიროებს - აქ ჯარისთვის არაადამიანური პირობებია შექმნილი, ასეა თითქმის სამხედრო ინფრასტრუქტურის 80%. დავისახეთ ამოცანა, რომ წელსვე დავიწყოთ ამ სიტუაციის გამოსწორება. თავდაცვის სამინისტროსთვის ჯარისკაცი, ოფიცერი მთავარი ღირებულება იქნება. მათთვის საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, მათთვის ვარჯიშის შესაძლებლობის მიცემა, ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი იქნება. წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება უსწრაფესად, ძალიან მოკლე ვადებში, მაგრამ გონივრულად და გაწერილად უნდა განხორციელდეს. ჩემთვის მთავარია წელსვე გამოვასწოროთ სიტუაცია და გარდატეხა მოვახდინოთ და ჩვენ ამას მოვახერხებთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ყაზარმები კატასტროფულ მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურა დანგრეულია. თავდაცვის მინისტრს უკვე დაყენებული აქვს საკითხი, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ადეკვატური პირობების შექმნა. რა თქმა უნდა, პარლამენტი მხარს დაუჭერს ბიუჯეტის გაზრდას, თუკი ეს საკითხი დადგება. ვფიქრობ, რომ პარლამენტარებმა, მითუმეტეს ჩვენმა კომიტეტმა, ხშირად უნდა იაროს სამხედრო ნაწილებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს პირდაპირი მჭიდრო კავშირი, რათა ჩვენი თვალით ვნახოთ და შემდეგ შევაფასოთ თითოეულ ნაწილში არსებული მდგომარეობა. ეს საშუალებას მოგვცემს ერთის მხრივ ბიუჯეტის გაზრდაზე ვიფიქროთ. მეორეს მხრივ, მომავალში შეგვეძლოს იმის შეფასება, თუ რა იყო, რა მდგომარეობაში დაგვხვდა, რა გააკეთა ახალმა მინისტრმა, ახალმა ხელმძღვანელობამ და იმის მიხედვით მოვითხოვოთ შესაბამისი ანგარიშები“ - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, გუშინ მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. „თავდაცვის უწყების ბიუჯეტისთვის დამატებითი სახსრებიც იქნება მოზიდული. საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან უკვე აღქმული მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს“. თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ სამხედრო ბაზების ინფრაქსტრუქტურის გასაუმჯობესებლად გამოყოფილი თანხები სრულად ტრანსპარენტული იქნება, ხოლო კონტროლი პაროლამენტის მხრიდან განხორციელდება.

მარნეულის საავიაციო ბრიგადის დათვალიერების შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჟურნალისტებს დაპირდა, რომ ერთი წლის შემდეგ ერთად ჩავლენ ბაზაზე და შეაფასებენ, რამდენად შეიცვლება არსებული მდგომარეობა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5