თავდაცვის მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 17:06

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ  დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ივან იესტრჟაბი მიიღო. ირაკლი ალასანიამ ჩეხ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტი 2013-2014 წლებისთვის „მინისტრის ხედვა“ გააცნო. მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხეთის მხარის მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩეხეთსა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო, განისაზღვრა სამომავლო გეგმებიც. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი სამხედრო განათლების სისტემის სწორი მიმართულებით განვითარებაა. აქედან გამომდინარე, განათლების კუთხით დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ჩეხეთის სამხედრო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, ნატო-ს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტ „საქართველო III”-ში ჩეხეთის მხარის აქტიურ ჩართულობას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადას განაღმვითი აღჭურვილობა გადაეცა.

ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უცხოელ სტუმარს ჩეხი სამხედროებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულისა და ზამთრის კურსების გავლა შესთავაზა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46