ირაკლი ალასანია ვერშბოუს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მოლაპარაკების შესახებაც ესაუბრა

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 12:54

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მრავალწლიანი გეგმა გააცნო. შეხვედრისას ირაკლი ალასანიამ და ალექსანდრე ვერშბოუმ ავღანეთში პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს როლზეც ისაუბრეს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებითაც დაინტერესდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მას მმართველი გუნდის ინიციატივები და უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები გააცნო.

„ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ რეფორმებს, რომელიც დავიწყეთ თავდაცვის უწყებაში და რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ასევე, გავაცანით სამინისტროს ხედვა, ჩვენი შეიარაღებული ძალების რეფორმის მრავალწლიანი გეგმა. განვიხილეთ ჩვენი მისია ავღანეთში, თუ რა სახით შეიძლება შეიტანოს თავისი წვლილი საქართველომ პოსტ-ISAF-ის პერიოდში, როგორც ავღანეთის, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვისაუბრეთ ასევე, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზეც. მე გავაცანი ბატონ ვერშბოუს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მოლაპარაკების მიმდინარეობის პროცესი. ვისაუბრეთ იმ შეთავაზებაზე, რომელიც უმრავლესობამ გააკეთა. ნატოს ხელმძღვანელობა სწორედ ამ ინიციატივების განხორციელებას ელოდება. პოლიტიკური სტაბილურობის კიდევ ერთი დამადასტურებელია ის, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საქართველოს უახლოეს თვეებში ეწვევა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალთან, გენერალ ჯოზეფ დანფორდთან გამართავს შეხვედრებს. ასევე, დაგეგმილია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. ირაკლი ალასანია ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61