კონსტიტუციის 42-ე მუხლი გუშინ გავრცელებულ კადრებზე განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 16:29

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”  გუშინ გავრცელებულ კადრებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ  კადრები სრულყოფილად არ ასახავენ მომხდარს და მასში არის სხვა უზუსტობები და შეუსაბამობები. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ იცავს ამირან (ბუტა) რობაქიძის თანმხლები პირის, გიორგი ქურდაძის ინტერესებს:

"კონსტიტუციის 42-ე მუხლს მიაჩნია, რომ სატელევიზიო მაუწყებლის და ზოგადად ნებისმიერი ჟურნალისტის უპირველესი მოვალეობაა საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური, ყოველმხრივი და გადამოწმებული ინფორმაცია.

ამასთანავე, ტელეკომპანიებს და ცალკეულ ჟურნალისტებს ინფორმაციის გავრცელების უფლებასთან ერთად, ეკისრებათ მნიშვნელოვანი ვალდებულება - განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ იმგვარი მასალის ტრანსლირებას, რომლითაც შეიძლება შეილახოს სხვა ადამიანის უფლებები და თავისუფლება.

აღნიშნულ შემთხვევაში, ტელეკომპანიებს უპირველეს ყოვლისა უნდა გაეთვალისწინებინათ, ის ფაქტი რომ სიუჟეტი, ასევე შეეხებოდა აწ უკვე გამართლებულ პირებს, რომელთაც ბრალად ედებოდათ იარაღის უკანონო ტარება და რომელთა საქმესაც არ განიხილავდა სასამართლო თითქმის 8 წლის განმავლობაში.

ასევე, გასათვალისწინებელია ის შეუსაბამობები, რომელიც კადრებში ნათლად ჩანს. კონკრეტულად: როგორც სათაური - “ბუტა რობაქიძის მკვლელობის საზარელი ვიდეო მასალა გავრცელდა” და ისე ჟურნალისტების მიერ სიუჟეტის მსვლელობისას გაკეთებული კომენტარი, წინასწარვე იყო მიმართული კონკრეტული მიზნისკენ - საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ გავრცელებული კადრები სრულყოფილად და ამომწურავად ასახავდა მომხდარს. ასევე, წარმოადგენდა მცდელობას შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ პოლიციელების მიერ არ მომხდარა იარაღის ჩადება.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრები არასრულია და რეალობასთან შეუსაბამო შემდეგი კონკრეტული გარემოებების გამო:

1. რეპორტაჟში, პირველივე წამს ისმის გასროლის ხმა და ჩანან ტროტუარზე დაწოლილი ახალგაზრდები. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის კომენტართან, რომლის თანახმადაც კადრები სრულად ასახავდა დაკავების პროცესს პირველივე წუთებიდან.

2. კადრში დაცული თანმიმდევრობის მიხედვით პირველივე წამს ისმის გასროლის ხმა. ეს ფაქტი კი, რატომღაც არავითარ გავლენას ოპერატორზე არ ახდენს, რომელიც არ აფიქსირებს არც იმას თუ საიდან მოხდა გასროლა და არ ატრიალებს კამერას გასროლის მიმართულებით.

3. იქ მყოფ სამართალდამცველებს და ოპერატორს არ აქვთ რექაცია გასროლის ხმაზე. ოპერატორი ზედმიწევნით ასრულებს ზეპირ დირექტივებს, პირველ რიგში აფიქსირებს ცეცხლსასროლ იარაღებს, ხოლო მოგვიანებით 01:10 წუთზე ვითომდა შემთხვევით “ირკვევა”, რომ პიროვნება არის “დაჭრილი”.

თუმცა კადრში კარგად ჩანს სისხლის კვალი და ბუტა რობაქიძე, რომელსაც დანარჩენების მსგავსად ორივე ხელი აქვს ზურგს უკან და წევს სახით ტროტუარზე. კადრის 01 წუთზე ისმის სიტყვები “ეს იბრიდება”, რაც არავითარ რეაქციას არ იწვევს. სასწრაფოს გამოძახების შესახებ ხმა ისმის მხოლოდ 01:21 წუთზე.

4. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ როდესაც პოლიციელმა ბაშალეიშვილმა ესროლა რობაქიძეს, იგი ავტომანქანის საბარგულთან ფეხზე იდგა.

ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რატომ არ არის ასახული ე.წ “სრულყოფილ” კადრებში გასროლის შემდეგ რობაქიძის დაცემის, ან გადაადგილების ფაქტი?

5. გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილიდან ოფიციალურად ამოღებულია ავტომატის ერთი და ორი სხვა მასრა (სულ სამი მასრა). თუ ვიდეომასალა რომელშიც ისმის ერთი გასროლის ხმა სრულყოფილია, მაშინ იბადება ორი კითხვა:

1. კადრებში რატომ არ ფიქსირდება 3 გასროლა ?

2. თუ მხოლოდ ერთი გასროლა განხორციელდა, მაშინ ვინ მიიტანა და ჩადო შემთხვევის ადგილზე დანარჩენი 2 მასრა და რატომ არ არის ეს ფაქტიც ვიდეო ფირზე ასახული?

ორივე კითხვას აქვს ერთი პასუხი – კადრები სრულყოფილად არ ასახავენ მომხდარს.

კადრებში არის სხვა უზუსტობები და შეუსაბამობები.

საყურადღებოა, ისიც რომ გავრცელებული სიუჟეტის სათაური, ჟურნალისტის კომენტარი და ბრალდებული - შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების პოზიცია სრულ თანხვედრაშია, რაც ასევე წარმოშობს დამატებით კითხვებს.

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მოუწოდებს მედია საშუალებებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, ცალმხრივი და არაზუსტი ინფორმაცია. მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ის პოტენციური ტრამვა, რომელიც შესაძლოა ვიდეო მასალის გავრცელების შედეგად მიადგეს მასში ასახულ პიროვნებებს და/ან მათ ნათესავებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46