ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 15:12

არასამთავრობო ორგანიზაციები ბუტა რონაქიძის მკვლელობის ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და "რუსთავი2"-ს  „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვებაში დაადანაშაულა: 

"ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა და შემდეგ უკვე სხვა ტელეკომპანიებმა, გაავრცელეს 2004 წლის 24 ნოემბერს მომხდარი ე.წ. სპეციალური ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალა.

მიგვაჩნია, რომ გავრცელებული სიუჟეტით „რუსთავი-2“-მა დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, ტელეკომპანიამ ხელი შეუწყო დაინტერესებული მხარის პოზიციების ტირაჟირებას, რადგან არ გაითვალისწინა წყაროს შესაძლო დაინტერესება, არ ეცადა გადაემოწმებინა ფაქტები და მოეძიებინა დამატებითი მასალები.

ჟურნალისტმა სიუჟეტში განაცხადა: ,,ეს არის კადრები, რომელიც მანქანის გაჩერებიდან პირველივე წუთებში არის გადაღებული, მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს არის უწყვეტი კადრებით გადაღებული, ანუ ამ კადრების გადაღებისას კამერა არც ერთხელ გათიშული არ ყოფილა. კადრებიდან ჩანს, როგორ დააკავა საპატრულო ეკიპაჟმა იმ მანქანაში მყოფები, რომლებიც ბუტა რობაქიძესთან ერთად იყვნენ და შემდეგ როგორ ამოაქვთ ამ მანქანიდან იარაღი - ერთი პისტოლეტი და ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი“.

შესაბამისად, ჟურნალისტის ამ ტექსტით, ტელეკომპანიამ ფაქტად წარმოაჩინა პროკურატურისთვის დაინტერესებული პირის მიერ გადაცემული მტკიცებულება, რაც ჯერ კიდევ საჭიროებს დამატებით ექსპერტიზასა და გამოკვლევას.

სიუჟეტში გამოთქმული იყო უმძიმესი ბრალდებები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრის, ვახტანგ კომახიძის მიმართაც, თუმცა მისი პასუხი ან რაიმე მინიშნება, რომ ტელეკომპანია შეეცადა ან შეეცდებოდა მასთან დაკავშირებას და მისი მოსაზრების მოწოდებას, ჟურნალისტის მიერ არ გაკეთებულა. ინფორმაციის ასეთი სახით გავრცელებით, ტელეკომპანიამ მოახდინა იმ ადამიანზე თავდასხმა, რომელიც არ მონაწილეობდა პროგრამაში.

გარდა ამისა, ყველა ტელეკომპანიამ, რომელმაც გაავრცელა ეს კადრები, დაარღვია “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 35-ე მუხლის მე-20, 23-ე და 24-ე პუნქტები. კერძოდ, 23-ე პუნქტი: „ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას, მაუწყებელი უნდა შეეცადოს შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს.“

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული კადრები ეხება გახმაურებულ საქმეს, მნიშვნელოვან დარღვევად უნდა მივიჩნიოთ ამ კადრებში ასახული პირების დაუფარავად და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩვენებაც.

მოვუწოდებთ მედია საშუალებებს არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, ღირსების შემლახველი და პირადი ცხოვრების ხელმყოფი მასალები, რითაც შეიძლება ხელი შეუწყონ დაინტერესებული მხარეების ინტერესების ტირაჟირებას." - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

1. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

2. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი.

3. საზოგადოებრივი დამცველი

4. ახალგაზრდები სამართლიანობისათვის

5. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

6. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

7. მედია კლუბი

8. საინფორმაციო ცენტრების ქსელი

9. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46