უმრავლესობა საჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში ორ კვირაში წარადგენს

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 14:22

უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განსახორციელებელ გეგმას პარლამენტში ორი კვირის ვადაში  წარადგენს, ხოლო სხვა ღონისძიებათა კომპლექსურ გეგმას საზოგადოებას 1 მარტამდე გააცნობს. საპარლამენტო უმრავლესობის სამომავლო გეგმა შემდეგნაირია:

"1. ნაციონალური მოძრაობის პოზიციის მიუხედავად, ჩვენ მოვამზადებთ და 2 კვირის ვადაში პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტს საჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებ. რაც გულისხმობს უპირობო და სრულ ამნისტიას საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა. ასევე, ნაწილობრივ ამნისტიას მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის, რომლის მიხედვითაც ისინი გათავისუფლდებიან სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან დანაშაულის აღიარებისა და 5 წლამდე ვადით საჯარო სამსახურში ყოფნის აკრძალვის პირობით (პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, სამინისტროების მსხვილი სტრუქტურების ხელმძღვანელები, გუბერნატორები, გამგებლები, მათი მოადგილეები, იუსტიციის საბჭოს და სხვა მსგავსი ცენტრალური სტრუქტურების წევრები, საკრებულოების თანამდებობის პირები, მოსამართლეები, პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონით განსაზღვრული სხვა თანამდებობის პირები).

2. პრეზიდენტის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად შექმნის აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს ვუყრით საჭიროების მიხედვით, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.

3. პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებს კენჭისყრაზე არ დავსვამთ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე.

4. გავაგრძელებთ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევის მცდელობას, მაგრამ 15 მარტამდე ყველა შემთხვევაში კენჭს ვუყრით პარლამენტის რეზოლუციას ამ თემაზე.

5. შევქმნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციური რეფორმის მოსამზადებლად, მათ შორის, ქვეყნის ევროპული არჩევანის კონსტიტუციაში ასახვის მოდელების შესამუშავებლად. კომისიაში შევლენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები.

6. საარჩევნო კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურის დახვეწის მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას 1 მარტიდან. ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობისთვის მოვიწვევთ არსაპარლამენტო ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

7. შევიმუშავებთ და საზოგადოებას 1 მარტამდე გავაცნობთ ღონისძიებათა კომპლექსური გეგმას, რომლის მიზანი იქნება:

1. საზოგადოებრივი წესრიგის უმკაცრესი დაცვა პრეზიდენტისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებზე;

2. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირების კონსტიტუციური და საპროცესო უფლებების განუხრელი დაცვა და მათთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა;

3. ადგილობრივ თვითმმართველობებისადა სხვა საჯარო დაწესებულებების მოხელეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების განუხრელი დაცვა;

4. საერთაშორისო საზოგადოების სრულყოფილი და დროული ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61