ბუტა რობაქიძის მკვლელობის სრული ვიდეომასალა "რუსთავი 2" -ს ირაკლი ფირცხალავამ გადასცა

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 13:14

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ მთავარ პროკურატურაში ვიდეო მასალა მიიტანა, რომელიც, მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზეა გადაღებული.

ირაკლი ფირცხალავა არ აკონკრეტებს თუ რა გზით მოიპოვა მან ეს ვიდეომასალა, თუმცა ამბობს, რომ კადრებით დასტურდება, რომ ბუტა რობაქიძის თანმხლები პირები შეიარაღებულები იყვნენ.

ვიდეო მასალა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც  ტელეკომპანიის განცხადებით, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან. კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.

"მე მქონდა ინფორმაციები და დავადგინე შემდეგი: ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი. თუ არ ვცდები, ერთი უნდა ყოფილიყო ნაცნობი. ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის ამ მანქანაში მოხვედრილი. ეს მანქანა შუადღეზე, იმავე დღეს, ფიგურირებდა დინამოს სტადიონთან მომხდარ ჩხუბში, რა დროსაც ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და შესაბამისად, ეს მანქანა მიცემული იყო დაკავებაში. 1 ოქტომბრამდე, არჩევნებამდე გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ვახტანგ კომახიძის სახელით რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდა კადრები, რომელიც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე პირველივე წამებიდან. მაშინ მე ყურადღება არ მივაქციე ამას, რადგან კომახიძე არის ადამიანი, რომელსაც თავის შიზოფრენიული აზრები გადააქვს ფილმში და მერე საზოგადოებას ანახებს ამას ყოველივეს. შესაბამისად, ამ ათი დღის განმავლობაში მე გავუშვი ზუსტად ის მესიჯები იმ ადამიანებთან, ვისაც წესით და რიგით შეხება უნდა ჰქონოდა ამ კადრების ფლობასთან. მე მოვიპოვე ეს კადრები. ეს არის უმძიმესი კადრები, საშინელი კადრები. მე ერთი ცალი მოვიტანე ნივთმტკიცებად პროკურატურაში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვენდობი ამ შენობაში მოთავსებულ ადამიანებს და არ ვიცი, ამ კადრებს რა ბედი ეწევა, მინდა, თითოეული ეგზემპლარი გადმოგცეთ თქვენ, ჟურნალისტებს. ეს კადრები ნანახი აქვს მხოლოდ ჩემს შვილს, რომელიც არის 21 წლის. იმასაც იმიტომ ვანახე, მთელი ღამე გავათენე, რომ ჩემ შვილსაც არ სჯეროდა, რომ ეს ადამიანები შეიარაღებულები იყვნენ. თავიდან, როდესაც ინფორმაცია იყო კომახიძისგან მომდინარე, მე მეგონა, რომ როდესაც ამ კადრებს მოვიპოვებდი, ესენი მართლაც უიარაღოები აღმოჩნდებოდნენ, იმიტომ რომ საპატრულო პოლიციის 30 თანამშრომელი, რომელიც ამ კადრებში ჩანს, რომელიც იღებს იარაღს, ეს იწყება რამდენიმე წამით ადრე გასროლამდე, ის 30 კაცი, ამ პროკურატურაში შესვლის შემდეგ აბსოლუტურად უარყოფენ, რომ იქ იყო იარაღი. მე არ ვიცი, ზეწოლა იყო მათზე, რას ელაპარაკებოდნენ, რას ჰპირდებოდნენ, ან რა იყო მიზანი, რომ ეცრუათ, მაგრამ ცრუობს მიქაძე, ცრუობს პროკურატურის გამომძიებელი, ცრუობს პატრულის ყველა თანამშრომელი, თქვენ ამას ნახავთ. ჩვენ წინააღმდეგ შეთითხნეს ბრალდება", - განაცხადა ფირცხალავამ.

ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია და მას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46