თავდაცვის უწყებაში დათხოვნილი კადრების აღდგენა დაიწყო

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 12:20

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  2012 წლის 25 ოქტომბრიდან 12 თებერვლის ჩათვლით, სამინისტროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღდგენისა და დასაქმების თხოვნით 3 323 პირმა მიმართა.

მათ შორის, 443 უფროსი ოფიცერი, 409 უმცროსი ოფიცერი, 1 976 კაპრალი და სერჟანტი და 495 სამოქალაქო პირია.

დღევანდელი მდგომარეობით, მიღებული განცხადებებიდან 435 სამხედრო და სამოქალაქო პირი უკვე აღდგენილია, ხოლო 500-მდე პირი დანიშვნის პროცედურებს გადის.

მიღებულ განცხადებებს გაერთიანებულ შტაბში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი განიხილავს. მის შემადგენლობაში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები შედიან.

სამუშაო ჯგუფი შემოსულ განცხადებებს წოდების, დათხოვნის საფუძვლის და ქვედანაყოფების მიხედვით ახარისხებს და მათ დამატებითი შესასწავლად სტრუქტურულ ქვედანაყოფებს უგზავნის. თუ განმცხადებლის წოდება და კვალიფიკაცია შეესაბამება სტრუქტურულ ქვედანაყოფში არსებულ ვაკანსიას, ის გადის სამედიცინო შემოწმებას და სტრუქტურული ქვედანაყოფის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე.

მიმდინარე წლის 22 თებერვლიდან სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეწყვეტს აღდგენებსა და დასაქმებასთან დაკავშირებული განცხადებების მიღებას. ასეთ განცხადებებს მომავალში თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო კომისია განიხილავს. ის ცენტრალიზებულად იმუშავებს, დასაქმების მსურველებს სპეციალურ ტესტირებას და შემოწმებას ჩაუტარებს და ამის შემდეგ მოამზადებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს მათი დანიშვნისა თუ დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61